ბიძინა გეგიძე - დავით მათიკაშვილის კანდიდატურას მხარი არ დავუჭირე, ჩემი გადაწყვეტილება ლოგიკური იყო
ფრაქცია „ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბიძინა გეგიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დავით მათიკაშვილის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.
როგორც ჟურნალისტებს გეგიძემ განუცხადა, მისი გადაწყვეტილება ლოგიკური იყო.
„ხმა პირიქით რომ მიმეცა, მკითხავდით? არ ვიყავი მომხრე. თუ პროცესს აკვირდებით, ნახავთ, რომ ჩემი პოზიცია ლოგიკური იყო. ვის რა დამოკიდებულება და შეფასება ჰქონდა, ამაზე ჩემი გადაწყვეტილება ლოგიკური იყო“, – განაცხადა გეგიძემ.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი შეასრულებს. აღნიშნულ თანამდებობაზე დავით მათიკაშვილის არჩევა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მოხდა. დავით მათიკაშვილს კომიტეტის 10-მა წევრმა დაუჭირა მხარი. მათიკაშვილის კანდიდატურის წინააღმდეგ ერთი დეპუტატი, ბიძინა გეგიძე წავიდა.
კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკა ბესელიამ გასული წლის ბოლოს დატოვა. პირველი მოადგილის პოსტი დატოვა ვანო ზარდიაშვილმაც.
საქართველოს პარლამენტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს საგაზაფხულო სესიაზე აირჩევს.