ბიძინა გეგიძე - ჩემი გუნდიდან გვერდზე გადგომა არ მჩვევია, ნიკა მელიას საკითხზე გადაწყვეტილება არავისთვის არ იყო მომგებიანი
ჩემი გუნდიდან გვერდზე გადგომა არ მჩვევია, უბრალოდ, პოლიტიკოსს მისი პრინციპებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი და თავისუფლების ხარისხი უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბიძინა გეგიძემ განუცხადა, რომელმაც ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე გენერალური პროკურატურის მოთხოვნას გუშინ ჩატარებულ კენჭისყრაზე მხარი არ დაუჭირა.
გეგიძე განმარტავს, რომ საკითხს მხარი არ დაუჭირა, რადგან მიაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში, გადაწყვეტილება არ იყო მომგებიანი არავისთვის, არც ხელისუფლებისთვის და არც ოპოზიციისთვის.
„მოცემულ რეალობაში ეს გადაწყვეტილება არავისთვის არ იყო მომგებიანი. გარდა ამისა, გადაწყვეტილების მიღება სწრაფ რეჟიმში მოხდა. პარლამენტში პროცესის წარმართვა მოუმზადებლად მომეჩვენა, საკითხის სწრაფად გავლა მოხდა, რაც ორდინარული საკითხი არ არის, როცა დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნაზეა საუბარი“, – განაცხადა გეგიძემ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 91-მა დეპუტატმა გენერალური პროკურატურის მოთხოვნას მხარი დაუჭირა, რომ ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე სასამართლოს მიმართოს. საკითხს მხარი არ დაუჭირეს უმრავლესობის წევრებმა – ბიძინა გეგიძემ, მარიამ ჯაშმა, ალექსანდრე ერქვანიამ, რომან კაკულიამ.