ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების მასალები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლომ „პარლამენტს“ უკან დაუბრუნა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატმა ე.წ. პარლამენტს უკან დაუბრუნა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების მასალები. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
კერძოდ, ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული „შეთანხმების“ ე.წ. კონსტიტუციასთან შესაბამისობა უნდა შეემოწმებინა. აპარატმა დაადგინა, რომ დე ფაქტო პარლამენტის მოთხოვნა ფორმით არ შეესაბამება საკონსტიტუციო იურისდიქციის შესახებ აფხაზეთის ე.წ. კოდექსს.
აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ „შეთანხმებას“ მოსკოვში 2022 წლის იანვარში მოეწერა ხელი, თუმცა ის ძალაში ჯერ არ შესულა, რადგან აფხაზეთის ე.წ. პარლამენტს მისი რატიფიცირება ჯერ არ მოუხდენია. საუბარია ბიჭვინთაში 184 ჰექტარის ფართობის მიწაზე არსებულ აგარაკზე, რომელსაც დაცული ტერიტორიის სტატუსი აქვს და რომლის რუსეთისთვის გადაცემასაც საოკუპაციო რეჟიმი გეგმავს.