ბიბლიოთეკაში დასაქმებულთა ნაწილი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
ბიბლიოთეკაში დასაქმებულთა ნაწილი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 20-მდე ბიბლიოთეკაში დასაქმებულთან ერთად პეტიცია შეიმუშავა და ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. პეტიცია გულისხმობს, რომ არც ერთი ბიბლიოთეკა არ უნდა დაიხუროს მოდერნიზაციის სახელით.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებით, კახი კალაძის მიერ წარმოდგენილი კონცეფციის თანახმად, ქალაქში არსებული 36 ბიბლიოთეკიდან 20 დახურვა ემუქრება.

ნიკა ვაჩეიშვილის განცხადებით, პეტიცია არის კარგი საშუალება, რომ საზოგადოების ხმა მივიდეს მმართველ წრეებამდე.

„მნიშვნელოვანია, საზოგადოების დამოკიდებულება სენსიტიურ საკითხთან. ბიბლიოთეკები არის ის სფერო, რომელსაც ძირეული რეფორმა სჭირდება, რომელსაც სჭირდება გაუმჯობესება, სწორი ხედვა და არა პირიქით შემცირება, გაუაზრებელი ნაბიჯები. ეს დაღუპავს ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფ ბიბლიოთეკებს და ჩვენ ამას არ დაუშვებთ. პეტიცია არის ძალიან კარგი ხერხი იმისა, რომ საზოგადოება ჩადგეს საქმის კურსში და საზოგადოების ხმა მივიდეს მმართველ წრეებამდე, რომელთაც არ აქვთ დაგეგმილი რეფორმა და მათი ქმედება წინ უსწრებს მოფიქრებას”, – განაცხადა ნიკა ვაჩეიშვილმა.

როგორც ბიბლიოთეკარი ირინა კენჭაძე ამბობს, ქალაქის მერიას ძალიან ლამაზად აქვს შეფუთული, რომ ახდენს ბიბლიოთეკების განახლებას, სინამდვილეში ეს არის ტყუილი.

„ქალაქის მერიას სხვა ჩანაფიქრი აქვს, ამიტომ ვაგროვებთ ხელმოწერებს. გადავინაცვლებთ ახლა გლდანში. არაფარი არ იყო ახსნილი წინასწარ, მხოლოდ და მხოლოდ გაცხადებული იყო, რომ ბიბლიოთეკის თანამშრომლები უნდა გასულიყვნენ გამოცდებზე. ბუნდოვნად იყო ნათქვამი, რომ ბიბლიოთეკების განახლების შესახებ. მე კონკრეტულად ვერ გავიგე ფალიაშვილის ქუჩაზე N19 ბიბლიოთეკა რჩება თუ არა, ვერავინ ვერ მიპასუხა”, – განაცხადა ირინა კენჭაძე

მისივე თქმით, ხელმოწერებს ერთი კვირის განმავლობაში შეაგროვებენ და თბილისის მერიას გადაუგზავნიან.