თურქეთში „ვიკიპედიაზე“ წვდომა აღდგა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.
დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, საერთაშორისო ინტერნეტენციკლოპედიაზე წვდომა თურქეთში თითქმის სამი წლის განმავლობაში იყო შეზღუდული. თუმცა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვებგვერდზე წვდომის შეზღუდვა გამოხატვის თავისუფლების წესებს არღვევდა. შესაბამისად აკრძალვა გაუქმდა.
როგორც „ბიბისი“ იუწყება, ინტერნეტენციკლოპედიაზე წვდომა თურქეთში ეტაპობრივად აღდგება.
„ვიკიპედია“ თურქეთში 2017 წლის აპრილში მას შემდეგ დაბლოკეს, რაც ინტერნეტენციკლოპედიამ თურქეთის მთავრობის კრიტიკის შემცველი სტატიის აღებაზე უარი განაცხადა. აღნიშნული აკრძალვა კი 991 დღე გაგრძელდა.
ინტერნეტენციკლოპედია საერთაშორისო მასშტაბით, რიგი ქვეყნების მთავრობების მიერ ხშირად იბლოკება. მაგალითისთვის „ვიკიპედია“ ამ დრომდე დაბლოკილია ჩინეთში.