„ბიბისის“ ინფორმაციით, თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პროქურთულ პარტიას ანგარიშები დაუყადაღა
„ბიბისის“ ინფორმაციით, თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პროქურთულ პარტიას ანგარიშები დაუყადაღა

თურქეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პროქურთულ პარტიას ანგარიშები დაუყადაღა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„სახალხო დემოკრატიული პარტია“, რომელიც თურქეთში სიდიდით მესამე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიაა, ვეღარ მიიღებს დაფინანსებას ბიუჯეტიდან, რაც მას წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად ესაჭიროება.

პარტიას ბრალად სდებენ იმ დაჯგუფებებთან კავშირს, რომლებმაც თურქეთში ტერაქტები მოაწყვეს. „სახალხო დემოკრატიული პარტიის“ წევრები ამ ბრალდებას უარყოფენ.

როგორც მედია იუწყება, პარტიას გრანტის სახით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 29 მილიონი დოლარი უნდა მიეღო. ამ დაფინანსების გარეშე პოლიტიკურ პარტიას საქმიანობის სრულფასოვნად გაგრძელება გაუჭირდება.

ანკარის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ პარტიაში ბრიფინგი გამართეს, სადაც მომხდარის მთავარ მიზეზად მათი პარტიის არჩევნებში მონაწილეობის დაბლოკვა დაასახელეს და ხელისუფლება სასამართლოზე ზეწოლაში დაადანაშაულეს.

ბოლოს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში პროქურთულმა პარტიამ ხმების დაახლოებით 10% მიიღო. 2021 წლის მარტში „სახალხო დემოკრატიულ პარტიას“ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ კავშირში დასდეს ბრალი და მისი გაუქმება მოითხოვეს. ამ საქმის განხილვა ჯერ კიდევ გრძელდება.