„ბიბისის“ ინფორმაციით, რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის მზადყოფნის შემოწმების შემდეგ მისი მეთაური გაათავისუფლეს
„ბიბისის“ ინფორმაციით, რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის მზადყოფნის შემოწმების შემდეგ მისი მეთაური გაათავისუფლეს

რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის მზადყოფნის შემოწმების შემდეგ მისი მეთაური გაათავისუფლეს. როგორც შორეული აღმოსავლეთის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, იური ტრუტნევმა განაცხადა, ადმირალი სერგეი ავაკიანცი რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტს აღარ ხელმძღვანელობს და ის დაინიშნა იმ შტაბის მეთაურად, რომელიც სამხედრო-სპორტულ მომზადებასა და პატრიოტულ აღზრდაზეა პასუხისმგებელი.

მანამდე, 14 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის მზადყოფნა შეამოწმა. ადმირალი ავაკიანცი რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტს 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა. ამ ფლოტის ქვედანაყოფები უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ.

„ბიბისის“ ცნობით, 2022 წლის შემოდგომაზე წყნარი ოკეანის ფლოტის 155-ე ბრიგადის სამხედროებმა პრიმორიეს გუბერნატორს მიმართეს თხოვნით, მომხდარიყო იმ ოფიცრების ქმედებების შესწავლა, რომლებიც პასუხისმგებლები არიან შეტევის დაგეგმვასა და დიდი დანაკარგზე. მათივე ინფორმაციით, ოთხდღიანი საბრძოლო მოქმედებების პერიოდში საზღვაო ქვეითების ბრიგადამ 300 ადამიანი დაკარგა. საპასუხოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მაშინ განაცხადეს, რომ 155-ე ბრიგადის დანაკარგი საბრძოლო შემადგენლობის ერთ პროცენტს არ აღემატება. მოგვიანებით, უკრაინის ქალაქ უჰლედართან ბრძოლისას რუსი საზღვაო ქვეითების ბრიგადაში დიდი დანაკარგის შესახებ სხვა წყაროებიც იუწყებოდნენ.