„ბიბისის“ ინფორმაციით, აშშ-ში 71 წლის მამაკაცმა სიძულვილის ნიადაგზე ექვსი წლის ბიჭი მოკლა
აშშ-ში 71 წლის მამაკაცმა სიძულვილის ნიადაგზე ექვსი წლის ბიჭი მოკლა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
შემთხვევა ილინოისის შტატში მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, 71 წლის ჯოზეფ ცუბა თავს დაესხა 32 წლის ქალს და მის ექვსი წლის შვილს. თავდასხმის მოტივად პოლიციაში „ჰამასის“ და ისრაელის კონფლიქტს ასახელებენ.
შერიფის ოფისში განაცხადეს, პოლიციამ მიიღო შეტყობინება ქალისგან, რომელსაც თავს დაესხა მამაკაცი, ვისგანაც ის საცხოვრებელ ფართს ქირაობდა. ადგილზე მისულ ოფიცრებს ცივი იარაღით დაჭრილი ქალი და ბავშვი დახვდათ. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექვსი წლის ბიჭი, რომელსავ 26 ჭრილობა აღენიშნებოდა, გარდაიცვალა, ქალი კი, თავდასხმას ცოცხალი გადაურჩა.
„ბიბისის“ ცნობით, ქალი წარმოშობით მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროდანაა, მისი შვილი კი აშშ-ში დაიბადა. ისინი შტატებში 12 წლის წინ ჩავიდნენ.
მომხდარი დაგმო აშშ-ის პრეზიდენტმა. მისი თქმით, „ამერიკელები უნდა გაერთიანდნენ და უარყონ ისლამოფობია, სიძულვილის, თუ ფანატიზმის ნებისმიერი ფორმა“.