„ბიბისის“ ცნობით, გერმანიასა და დანიაში „ჰამასის“ წევრობაში ეჭვმიტანილი შვიდი პირი დააკავეს
გერმანიის ხელისუფლების განცხადებით, მათ დააკავეს „ჰამასის“ წევრობაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი, რომლებიც დაკავშირებული არიან ებრაულ ობიექტებზე თავდასხმის სავარაუდო შეთქმულებასთან. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
მედიის ცნობით, პარალელურად, დანიის ხელისუფლების ცნობით, მათ დანიაში დააკავეს სამი პირი, რომლებიც თავდასხმის მომზადებაში არიან ბრალდებული.
როგორც „ბიბისი“ წერს, უცნობია, დაკავშირებულია ერთმანეთთან დანიასა და გერმანიაში მიმდინარე გამოძიებები.
გერმანიის პროკურორების განცხადებით, სამი ეჭვმიტანილი მათ ბერლინში დააკავეს, ერთი კი ნიდერლანდებში. ბერლინში დაკავებული პირებიდან სამი ლიბანელი, ხოლო ერთი ეგვიპტელი იყო.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ რეიდების დროს იარაღი ვერ იპოვა.
დანიის პოლიციაში აცხადებენ, რომ დანიაში დაკავებულ სამ ეჭვმიტანილს ბრალს ტერორისტულ დანაშაულებში წაუყენებენ.
ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ დაკავებული შვიდი პირი „მოქმედებდნენ „ჰამასის“ სახელით“.
მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ფედერალურმა პროკურორებმა შეთქმულება „ჰამასს“ დაუკავშირეს, დანიის ხელისუფლებამ არ დაადასტურა რაიმე კავშირი ჯგუფთან.