„ბიბისი“ - ვილნიუსის მხრიდან კალინინგრადის მიმართულებით ტვირთების ტრანზიტის აკრძალვის გამო, რუსეთი ლიეტუვის მოსახლეობას შესაბამისი შედეგებით ემუქრება
ვილნიუსის მხრიდან კალინინგრადის მიმართულებით ტვირთების ტრანზიტის აკრძალვის გამო, რუსეთი ლიეტუვის მოსახლეობას შესაბამისი შედეგებით ემუქრება. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, კალინინგრადის ოლქში ჩასულმა რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ ლიეტუვა მოქმედებს დასავლეთის კარნახით და არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
„რუსეთი აუცილებლად უპასუხებს მსგავს მტრულ ქმედებებს. შესაბამისი ზომები მუშავდება უწყებათაშორის ფორმატში და მიღებულ იქნება უახლოეს მომავალში. მათი შედეგები სერიოზულ უარყოფით გავლენას მოახდენს ლიეტუვის მოსახლეობაზე“, – განაცხადა პატრუშევმა.
ტვირთების ტრანზიტის აკრძალვის შესახებ განცხადება გასულ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა.
„უახლოეს მომავალში, ლიეტუვის გავლით სრულად თუ არ აღდგება ტვირთის ტრანზიტი კალინინგრადის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციის დანარჩენ ტერიტორიებს შორის, მაშინ რუსეთი იტოვებს უფლებას, მიიღოს ზომები თავისი ეროვნული ინტერესების დასაცავად“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ლიეტუვამ საკუთარი ტერიტორიის გავლით სარკინიგზო და სახმელეთო გზით ტვირთების რუსეთიდან და რუსეთში ტრანზიტი 18 ივნისს აკრძალა. შეზღუდვები შეეხო მთელ რიგ პროდუქციას, როგორიცაა ქვანახშირი, ცემენტი, პარფიუმერია, საავიაციო სექტორისთვის განკუთვნილი ნაწილები.
აღსანიშნავია, რომ ზემო აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს საგარეო უწყებაში დაიბარეს რუსეთის ფედერაციაში ევროკავშირის ელჩი, მარკუს ედერერი, რომელმაც განაცხადა, რომ მოსკოვმა ვითარება დიპლომატიური გზით უნდა მოაგვაროს. მან ხაზი გაუსვა, რომ კვლავ გრძელდება იმ პროდუქციის ტრანზიტი, რომელიც არ დაექვემდებარა ევროკავშირის სანქციებს.