„ბიბისი“ - უკრაინამ დონბასში თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა
„ბიბისის“ ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი „ბაირაქთარი“ გამოიყენა, რომელმაც სარაკეტო დარტყმით საარტილერიო დანადგარი გაანადგურა.
როგორც მედია წერს, დარტყმამდე, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული გაერთიანება „ვოსტოკის“ სარდლობამ განაცხადა, რომ სეპარატისტების მხრიდან განხორციელებულ დაბომბვას ერთი უკრაინელი ჯარისკაცის დაღუპვა და ერთის დაჭრა მოჰყვა.
მედიის ცნობით, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელბული დარტყმა უკრაინის შეიარაღებული ძალების საპასუხო რეაქცია იყო.
მედიის ინფორმაციით, თურქული უპილოტო საფრენი აპრატების გამოყენების შესახებ სამხედრო ბლოგერებმა და სამხედრო რადიო „Армия FM“-მაც განაცხადეს, უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენების შესახებ დაწერა „Цензор.нет“-ის რედაქტორმა, იური ბუტუსოვმაც.
უპილოტო საფრენი აპარატი „ბაირაქთარი“ მიზნად ისახავს მოწინააღმდეგის ტერიტორიის ჰაერიდან დაკვირვებას, სამიზნეების ოპერატიულ იდენტიფიცირებასა და ჩახშობას. იგი აღჭურვილია მართვადი რაკეტებით და საჰაერო ბომბებით, ასევე, რამდენიმე მაღალი გარჩევადობის კამერით, თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფით და შეუძლია, ჰაერში დღეზე მეტ ხანს დარჩეს დაშვების გარეშე.
როგორც მედია წერს, „ბაირაქთარი“ აქტიურად გამოიყენებოდა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ, 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომში.
უკრაინამ თურქეთიდან დრონების შესყიდვაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო. 2021 წელს მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და უკრაინამ თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპრატები შეიძინა, რომელთა საჯარო გამოჩენა უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმში განხორციელდა.