აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების პირველი შეხვედრის წინ, რომელიც 25 სექტემბერს უნდა გაიმართოს, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის გარშემო ახალი საერთაშორისო სკანდალი აგორდა.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი
დონალდ ტრამპის ყველაზე მწვავე კრიტიკოსები პრეზიდენტს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტზე ზეწოლა სცადა, რათა ზელენსკისგან დემოკრატ მეტოქე ჯო ბაიდენის შესახებ კომპრომატები მიეღო.
საპასუხოდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენმა, ვიცე პრეზიდენტობის დროს, უფლებამოსილებას გადაამეტა და უკრაინის ხელისუფლებას აიძულა, დაეხურა საქმე, რომელშიც ბაიდენის შვილი ჰანტერი ფიგურირებდა.
შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენი დღეს დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტად კენჭისყრისთვის იბრძვის.
საქმის დეტალები
დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ ზელენსკიმ ტელეფონით 25 ივლისს ისაუბრეს. როგორც გავლენიანი ამერიკული მედიასაშუალებები, მათ შორის „უოლ სთრით ჯოურნალი“ იუწყებიან, საუბრის ერთ-ერთი თემა ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება იყო.
ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ ტრამპი დაჟინებით ითხოვდა ზელენსკისგან, რომ საქმეში მისი პირადი ადვოკატი რუდი ჯულიანი ჩართულიყო.
აღსანიშნავია, რომ ზელენსკისთან დარეკვამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პროგრამის დროებით შეჩერება გადაწყვიტა.
რას ამბობს ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ზელენსკისთან საუბრის დროს ის შეეხო კორუფციის თემას და ჯო ბაიდენი და მისი შვილი ჰანტერიც ახსენა.
ტრამპის შეფასებით, უკრაინის ლიდერთან „შესანიშნავი“ საუბარი გაიმართა.
Now the Fake News Media says I “pressured the Ukrainian President at least 8 times during my telephone call with him.” This supposedly comes from a so-called “whistleblower” who they say doesn’t even have a first hand account of what was said. More Democrat/Crooked Media con…..
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) 23 September 2019
„აშშ ეხმარება უკრაინას, ამიტომ ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ის გულწრფელია“, – განაცხადა ტრამპმა.
რას ამბობენ ამერიკელი პოლიტიკოსები
დემოკრატი კონგრესმენები ყურადღებას ამახვილებენ ტრამპის ადმინისტრაციის წევრის საჩივარზე, რომლის მიხედვითაც „პრეზიდენტი უცხო ქვეყნის ლიდერთან არასათანადოდ მოიქცა“. დემოკრატები აცხადებენ, რომ ტრამპი ზელენსკიზე ზეწოლას ახორციელებდა, რათა მისი კონკურენტის შესახებ კომპრომატები მიეღო.
რესპუბლიკელი პოლიტიკოსების უმრავლესობა აგორებულ სკანდალზე კომენტარისგან თავს იკავებს. თუმცა, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა მით რომნიმ განაცხადა, რომ „მას მეტის გაგება სურს“.
If the President asked or pressured Ukraine’s president to investigate his political rival, either directly or through his personal attorney, it would be troubling in the extreme. Critical for the facts to come out.
— Mitt Romney (@MittRomney) 22 September 2019
ვინ უჩივლა პრეზიდენტს
ამერიკული მედიის ცნობით, პრეზიდენტის მხრიდან არასათანადო ქცევის შესახებ საჩივარი ადმინისტრაციის წევრმა ქალმა დაწერა. მისი ვინაობა უცნობი რჩება.
საჩივრის მიღების შესახებ გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელმა დაუყოვნებლივ შეატყობინა აშშ-ის ეროვნულ დაზვერვას.
კანონმდებლობის მიხედვით, საჩივარი კონგრესის სადაზვერვო კომიტეტს შვიდ დღეში უნდა გადაეცეს. თუმცა ეს არ მომხდარა.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა ჩათვალა, რომ საჩივარი „მნიშვნელოვანი არ არის და კონგრესში გაგზავნა არ არის აუცილებელი“.
დემოკრატები 9 სექტემბრის შემდეგ ითხოვენ საჩივრის შინაარსის გაცნობას, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარს ამბობს.
ამის გამო აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი ჯოზეფ მაგუაირი კონგრესში დაიბარეს, სადაც დემოკრატები მას ანონიმური საჩივრის დეტალებს გამოკითხავენ. მოსმენა 26 სექტემბერს არის დაგეგმილი.
„სიენენის“ ცნობით, თუ მაგუაირი დეტალების გამხელაზე კვლავ უარს იტყვის, მაშინ წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარე სასამართლოში იჩივლებს. ამასთან, სულ უფრო მეტი დემოკრატი კონგრესმენი საუბრობს ტრამპის შესაძლო იმპიჩმენტზე.
რაში ადანაშაულებენ ბაიდენებს
საქმე ეხება 2016 წელს უკრაინის გენერალური პროკურორის, ვიქტორ შოკინის გადაყენებას. როგორც ცნობილია, სწორედ შოკინი ხელმძღვანელობდა გამოძიებას, რომლის ფუგურანტი იყო აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის შვილი ჰანტერ ბაიდენი.
ჰანტერ ბაიდენი ამ დროს უკრაინული გაზის კომპანია „ბურისმა ჰოლდინგის“ დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. ბაიდენ უმცროსის ანაზღაურება თვეში 50 000 დოლარს შეადგენდა.
დონალდ ტრამპი და მისი ადვოკატი რუდი ჯულიანი ამტკიცებენ, რომ აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის ხელისუფლებას მილიარდი დოლარის სესხის გაცემაზე უარით დაემუქრა, თუ მისი შვილი კრიმინალური საქმის ფიგურანტი გახდებოდა.
ამის დამამტკიცებელი საბუთები ჯერ არავის წარმოუდგენია, თუმცა კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბაიდენის ოჯახის კავშირები უკრაინასთან ინტერესთა კონფლიქტის საფუძველს წარმოადგენს.
ამ ბრალდებებზე საპასუხოდ, ბაიდენის დამცველები აცხადებენ, რომ უკრაინის გენერალური პროკურორის, შოკინის გადადგომას მხოლოდ აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი არ ითხოვდა. შოკინის საწინააღმდეგო საჯარო მოწოდებები თავის დროზე არაერთმა ამერიკელმა, ევროპელმა და უკრაინელმა პოლიტიკოსმაც გააკეთა.