„ბიბისი“ - შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგი აცხადებს, რომ ქვეყანას შეზღუდვები უნდა დაეწესებინა
შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგი ანდერს ტეგნელი აცხადებს, რომ ქვეყანას შეზღუდვები უნდა დაეწესებინა, რათა ვირუსის გავრცელება გაეკონტროლებინათ. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.
ანდერს ტეგნელი თვეების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ შვედეთის მიდგომა, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს თავად უნდა დაეცვათ სოციალური დისტანცია, სხვა წესები, და სახელმწიფო შეზღუდვებს არ დააწესებდა, უფრო სწორი იყო. ის ასევე სხვა ქვეყნებს კარანტინის შემოღების გამო აკრიტიკებდა.
თუმცა, დღეს ადგილობრივ რადიოსთან ინტერვიუში, შვედეთის მთავარმა ეპიდემიოლოგმა განაცხადა, რომ კორონავირუსს ქვეყანაში ძალიან დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
„თუ ჩვენ საქმე გვექნებოდა იგივე დაავადებასთან და გვეცოდინებოდა ვირუსის შესახებ ის ყველაფერი, რაც დღეს უკვე ცნობილია, მაშინ ვფიქრობ, რომ ჩვენ შვედეთის სტრატეგიისა და სხვა ქვეყნების მიერ შემუშავებული წესების შუალედურ ვარიანტს ავირჩევდით“, – განაცხადა ტეგნელმა.
შვედეთში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 4 400-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.