„ბიბისი“ - საფრანგეთის მთავრობა თავგანწირვით ცდილობს პოლიტიკური პარალიზების თავიდან აცილებას
საფრანგეთის მთავრობა თავგანწირვით ცდილობს პოლიტიკური პარალიზების თავიდან აცილებას, – ამის შესახებ საუბარია „ბიბისის“ სტატიაში. როგორც „ბიბისი“ წერს, მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მმართველმა კოალიციამ დაკარგა უმრავლესობა საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში, ხელისუფლება თავგანწირვით ცდილობს, პოლიტიკური პარალიზება თავიდან აიცილოს.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ელისაბედ ბორნმა განაცხადა, რომ ქვეყანა უპრეცედენტო სიტუაციაშია და შეიძლება, „უმართავი“ გახდეს.
არჩევნების შედეგების მიხედვით, მაკრონის მმართველ ბლოკს ახლა ორი მთავარი ოპოზიციური ძალა დაუპირისპირდება, თუმცა არც ერთ მათგანს არ აქვს სურვილი, საფრანგეთის პრეზიდენტთან ითანამშრომლოს.
ამასთან, მაკრონს მოუწევს სულ მცირე სამი მინისტრის ჩანაცვლება, რომლებმაც საკუთარ ოლქებში არჩევნები წააგეს.
როგორც „ბიბისი“ იუწყება, ფრანგმა კომენტატორებმა არჩევნების შედეგები „ამომრჩევლებისგან მაკრონისთვის სილის გაწვნად“ შეაფასეს.
პარლამენტში მაკრონის პარტიას 245 მანდატი ექნება, სოციალისტების, მწვანეების და კომუნისტების კოალიციას – 131, მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენეებს – 89, რესპუბლიკელებს 64,ხოლო სხვებს 26.
აღსანიშნავია, რომ უმცირესობის გაერთიანებით ჩამოყალიბებული მთავრობა საფრანგეთში იშვიათობაა. ასეთი რამ ერთხელ მოხდა 1988 წელს, პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანის მმართველობის დროს, თუმცა მაშინ მმართველ ძალას 11 მანდატი დააკლდა, მაკრონს კი ახლა 44 დეპუტატი სჭირდება, რომ საკანონმდებლო ორგანოში სასურველი რეფორმა გაატაროს.
მაკრონმა საარჩევნოდ წარადგინა რეფორმების ფართო სია, რომელიც მოიცავს მოქალაქეთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და მათი ხარჯების შემცირებას. მათ შორის იყო სასურსათო ვაუჩერების დარიგება და ახალი შეღავათების დაწესება. ასევე, მაკრონი აპირებდა საპენსიო ასაკის 62-დან 65-მდე გაზრდას, რასაც მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ემხრობა. ახლა, ამ დღის წესრიგს საფრთხე ემუქრება.
როგორც „ბიბისი“ წერს, მაკრონი უპირველეს ყოვლისა ეცდება, ალიანსი შეკრას რესპუბლიკლებთან, თუმცა წინასწარი ცნობებით, მათთან დიალოგი პოზიტიურად არ მიმდინარეობს.
საფრთხე ემუქრება ემანუელ მაკრონის მიერ დანიშნულ პრემიერ-მინისტრსაც, რადგან მეორე ადგილზე გასულმა მემარცხენეთა ალიანსმა უკვე მოითხოვა მისი გადადგომა და აპირებს, მთავრობის მეთაურს უნდობლობა გამოუცხადოს.