„ბიბისი“ - რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ევროკავშირი მოქალაქეებს მოუწოდებს, შეამცირონ ავტომობილით მგზავრობა და კვირაში სამი დღე სახლიდან იმუშაონ
რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ევროკავშირი მოქალაქეებს მოუწოდებს, შეამცირონ ავტომობილით მგზავრობა, გამორთონ კონდიციონერები და კვირაში სამი დღე სახლიდან იმუშაონ. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
მათივე ცნობით, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიერ შემუშავებული ზომებით, ასე თითოეული ოჯახი წელიწადში 450 ევროს დაზოგავს.
9-პუნქტიანი გეგმა ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, ნაკლებად გაათბონ სახლები ზამთარში, ზაფხულში კი , კონდიციონერი გათიშონ. უფრო ნელა იმოძრაონ ავტომაგისტრალებზე, ავტომობილში გამორთული კონდიციონერით, რითაც ნაკლები საწვავი დაიხარჯება. თვითმფრინავის ნაცვლად, მატარებლით ისარგებლონ. ასევე გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მცირე მანძილზე კი, ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილდნენ.
ამავე ინიციატივის მიხედვით, ქალაქებს რეკომენდაცია ეძლევათ კვირა დღე დაწესდეს ავტომობილის გარეშე გადაადგილების დღედ.
როგორც სააგენტო პროგნოზირებს, ამ გზით შესაძლებელი იქნება წელიწადში 220 მილიონი ბარელი ნავთობისა და 17 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის დაზოგვა.