„ბიბისი“ - რუსმა დეპუტატმა აღიარა, რომ ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა რუსეთმა განახორციელა
„ბიბისი“ - რუსმა დეპუტატმა აღიარა, რომ ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა რუსეთმა განახორციელა

„ბიბისის“ ინფორმაციით, რუსმა დეპუტატმა, ევგენი პოპოვმა აღიარა, რომ ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა რუსეთმა განახორციელა.

როგორც „ბიბისი” წერს, მთავრობის მომხრე ჟურნალისტმა და სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ევგენი პოპოვმა გადაცემა BBC Newshour-თან ინტერვიუში აღიარა, რომ ოდესის პორტზე თავდასხმა რუსული რაკეტებით განხორციელდა.

როგორც პოპოვმა აღნიშნა, რუსული რაკეტების სამიზნე იყო სარაკეტო სისტემები, რომლებიც მისი თქმით, პორტში იყო განთავსებული.

„ჩვენ შეტევა განვახორციელეთ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე ოდესის პორტში. თქვენ კარგად იცით რაკეტების სახელები. ეს არის რაკეტები „ჰარპუნი”. ისინი განთავსებული იყო ოდესაში და ჩვენ ისინი გავანადგურეთ. შეტევის შედეგად არავინ დაღუპულა და დაშავებულა. ჩვენ არ დაგვირღვევია სტამბოლის შეთანხმება. ჩვენ უბრალოდ გავანადგურეთ უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურა და ამას ისევ გავაკეთებთ“, – განაცხადა პოპოვმა.

ამასთან, როგორც „ბიბისი” წერს, მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა. მისი თქმით, რუსმა ოფიციალურმა პირებმა ანკარას განუცხადეს, რომ მოსკოვს არაფერი აქვს საერთო ოდესის პორტზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმასთან.