„ბიბისი“ - რუსეთის ქალაქ ფსკოვიდან 60-მდე სამხედრო მოსამსახურემ უკრაინაში საომრად წასვლაზე უარი განაცხადა
60-მდე რუსმა სამხედრო მოსამსახურემ რუსეთის ქალაქ ფსკოვიდან უკრაინაში საომრად წასვლაზე უარი განაცხადა, – „ბიბისის” ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ გამოცემა „ფსკოვსკაია გუბერნია“ იტყობინება.
გამოცემის ცნობით, ომის პირველ დღეებში ისინი ჯერ ბელარუსის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, შემდეგ კი ფსკოვში დისლოკაციის ადგილზე დააბრუნეს.
„ფსკოვსკაია გუბერნიას“ ცნობით, მათი უმეტესობა დღეის მონაცემებით, სამსახურიდან გაათავისუფლეს, ზოგს კი სისხლის სამართლის საქმეებით ემუქრებიან.
ახლა ადგილზე მუშაობს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს კომისია. როგორც „ბიბისი“ წერს, ეს არ არის პირველი შემთხვევა. მედიის ცნობით, ომში წასვლაზე უარი კრასნოდარის ოლქის გვარდიის წევრებმა, ხაკასეთის „ომონის“ თანამშრომლებმა და კალინინგრადის ოლქის საკონტრაქტო სამსახურში მყოფმა ჯარისკაცებმაც განაცხადეს.
ბრიტანული მედიის თქმით, ადვოკატმა მაქსიმ გრებენიუკმა, საჯარო გვერდის „სამხედრო ომბუდსმენის“ ავტორმა „მედიაზონასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის მარტო ერთ რეგიონში 500-ზე მეტი სამხედრო ამბობს უარს ომში წასვლაზე.