ბრიტანული მაუწყებელი „ბიბისი“ ქართველი ეპიდემიოლოგების შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით – „როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველო მოხვდა 15 ქვეყნის სიაში, რომლებსაც ევროკავშირი საკმარისად უსაფრთხოდ მიიჩნევს იმისთვის, რომ საზღვრების გაუხსნას. საქართველო ერთადერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, რომელმაც ეს სტატუსი მოიპოვა.
3,7 მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის ათასზე ნაკლები შემთხვევაა რეგისტრირებული, გარდაცვლილია 15 ადამიანი.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, პანდემიაზე წარმატებული რეაგირების მართვისთვის აქებენ სახელმწიფო მეცნიერთა ჯგუფს, რომლესაც „სამი მუშკეტერი“ უწოდეს.
შედარებისთვის, მეზობელ სომხეთში კორონავირუსი მძვინვარებს. ყოველდღიურად ვლინდება „კოვიდ-19“-ის ასობით ახალი შემთხვევა, საერთო რაოდენობამ კი 26 ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რიცხვი დაახლოებით 500-ს შეადგენს. მეზობელ აზერბაიჯანში ასევე ყოველდღიურად ასობით ახალი შემთხვევა ვლინდება.
„ბიბისი“ წერს, რომ საქართველოში ახალი კორონავიუსის პირველი შემთხვევა თებერვლის ბოლოს დარეგისტრირდა, რაზეც მთავრობის რეაგირება მყისიერი იყო. მარტის შუა რიცხვებში ყველა სკოლა, უნივერსიტეტი, არაარსებითი მნიშვნელობის ბიზნესი დაიხურა და შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. 21 მარტს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ აიკრძალა ხალხმრავალი შეკრებები და ქალაქის შიგნით გადაადგილება. ამოქმედდა ღამით კომენდანტის საათი.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულის, მართლმადიდებელი აღდგომის დროს, ხელისუფლებამ აკრძალა კერძო ტრანსპორტით მოძრაობა და დაკეტა სასაფლაოები.
„ჩვენ გავითვალისწინეთ პანდემიის საფრთხე პირველ დადასტურებულ შემთხვევამდე ერთი თვით ადრე. ჩვენი ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე, როგორიცაა ჩვენი ადგილმდებარეობა და სიმცირე, ჩვენ ვერ გამოვიყენებდით სხვა ქვეყნების მაგალითებს“, – განუცხადა „ბიბისის“ წერილობით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.
„ბიბისი“ წერს, რომ საინფორმაციო კამპანიასა და რეგულარული სიახლეების გამოქვეყნებას უძღვებოდნენ ქვეყნის მთავარი მეცნიერები, საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC). როგორც სტატიაშია ნათქვამი, აღნიშნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორია რუსული დეზინფორმაციის მუდმივი სამიზნეა.
„რუსული მხარე მას აშშ-ის ბიოლოგიური იარაღის საიდუმლო პროგრამაში მონაწილეობაში ადანაშაულებს. თუმცა მისი მეცნიერები პანდემიის წინააღმდეგ ქვეყნის ბრძოლას ჩაუდგნენ სათავეში“,- წერს სტატიის ავტორი.
„ბიბისი“ აღნიშნავს, რომ საქართველოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მეცნიერებმა დაიმსახურეს დიდი პატივისცემა. სამეულში შედიან ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე, რომელიც თბილისის ინფექციურ დაავადებათა, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს ხელმძღვანელობს.
კიდევ ერთი პოპულარული ფიგურა – საზოგადოებრივი ჯანდაცვის კამპანიის სახეა მარინა ეზუგბაია, რომელიც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორია.
როგორც „ბიბისი“ წერს, საქართველოში კორონავირუსის ტესტირებისთვის 19 ლაბორატორია მუშაობს.
„ოქროს სტანდარტით, ჩვენ ერთ მილიონ მოსახლეზე თითქმის 30 ათასი „პისიარ“ ტესტი ჩავატარეთ. გამოჯანმრთელების კოეფიციენტი 86%-ს შეადგენს, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ გარდაცვალების 15 შემთხვევა გვქონდა, რაც 1,6%-ს შეადგენს. გლობალურ მაჩვენებელთან შეადრებით, ის ძალიან დაბალია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
„ბიბისი“ სტატიაში წერს, რომ საქართველოს მთავრობამ მადლობა გადაუხადა საზოგადოებას მათი მითითებების შესრულებისთვის.
გამოცემა აღნიშნავს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს წესების დარღვევისთვის მკაცრი ჯარიმები მოქმედებდა – ფიზიკური პირებისთვის ათასი დოლარის ოდენობით, კომპანიებისთვის კი სამი ათასი დოლარის ოდენობით.
„გაფრთხილებები მოწოდებით „დარჩით სახლში“ იყო გამოსახული ავტობუსების გაჩერების ციფრულ ტაბლოებზე, ასევე მობილური ოპერატორების მიერ მოქალაქეების ტელეფონებზე. ჩვეულებრივ პოლიტიკური პოლარიზაციის მაღალი დონის მიუხედავად, ქართულმა საზოგადოებამ ფართოდ დაუჭირა მხარი ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას“,- წერს სტატიის ავტორი.
როგორც „ბიბისის“ სტატიაშია ნათქვამი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქართველების თანამშრომლობამ და ყველა შესაბამისი ინსტრუქციისა და რეკომენდაციის დაცვაში მათმა სამაგალითო სოციალურმა პასუხისმგებლობამ ხელი შეუწყო იმას, რომ ინფექციის მრუდი ყოფილიყო პლატო.
ბრიტანული მაუწყებელი წერს, რომ საქართველოსთვის დიდი გამოცდა იყო აღდგომის კვირა, როდესაც გაჩნდა საშიშროება, რომ ღამის წირვას ეკლესიებში ათასობით ადამიანი დაესწრებოდა.
„ქვეყნის გავლენიანმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ გააგრძელა ღვთისმსახურება და უარი თქვა საერთო კოვზის ზიარების წესის შეცვლაზე, თუმცა მოსახლეობის უმრავლესობამ გაითვალისწინა მეცნიერების რჩევა და სახლში დარჩა“,- აღნიშნულია სტატიაში.
როგორც სტატიის ავტორი წერს, ამჟამად საქართველოში ბევრი ბიზნესი და რესტორანი კვლავ გაიხსნა. პირბადეების ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეში და მოქმედებს მკაცრი წესები დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით, ასევე შეზღუდვებია ხალხმრავალ შეკრებებზე.
„საქართველოს მთავრობა იმედოვნებდა, რომ საერთაშორისო მოგზაურებისთვის საზღვრებს პირველი ივლისიდან გახსნიდა. თუმცა ეს გეგმა გადაიდო. ასე რომ, ქვეყნის ტურიზმის სექტორისთვის მიმდინარე წელს პერსპექტივები არასახარბიელოა“,- წერს სტატიის ავტორი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოში დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სიფრთხილეს ინარჩუნებს.
„თუ საქართველო გამოიყურება როგორც კუნძული და ოაზისი გარშემო მყოფ ქვეყნებს შორის, ეს ერთი წუთითაც არ გვაძლევს შესვენების უფლებას“, – განუცხადა ექიმმა გამყრელიძემ „ბიბისის“.
„ის ფაქტი, რომ ჩვენთან კორონავირუსის ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ერთნიშნა ციფრებით გამოიხატება, საერთოდ არ გვაძლევს მოდუნების უფლებას. ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივი მზადყოფნის მდგომარეობაში“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.
„ბიბისის“ გამოყენებული აქვს საქართველოს პირველი არხის ფოტორეპორტიორის, მირიან მელაძის ფოტო, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ერთობლივი ბრიფინგის შემდეგ, 14 მარტს არის გადაღებული.