„ბიბისი“ - პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას რუსულ ბირჟებზე ინდექსების მკვეთრი დაცემა მოჰყვა
„ბიბისი“ - პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას რუსულ ბირჟებზე ინდექსების მკვეთრი დაცემა მოჰყვა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას რუსულ ბირჟებზე ინდექსების მკვეთრი დაცემა მოჰყვა. როგორც ტელეკომპანია „ბიბისის“ რუსულენოვანი ბიურო იუწყება, მოსკოვის დროით 10:43 საათზე მოსკოვის ბირჟის ინდექსი 4 პროცენტით, ხოლო PTC-ის 5 პროცენტით დაეცა.

გაუფასურება დაიწყო რუსეთის ეროვნულმა ვალუტამაც. დილიდან დოლარის კურსი 1,4 რუბლით გაიზარდა და 62 რუბლი შეადგინა. ევროს ღირებულებამ კი 61,4 რუბლამდე მოიმატა. შემდეგ, რუბლმა ისევ დაიწყო გამყარება.

აღსანიშნავია, რომ რუსულ ბაზრებზე ინდექსების კლება გუშინაც დაფიქსირდა. ეს იმ ფონზე მოხდა, როდესაც რუსეთში გავრცელდა ცნობა, რომ პრეზიდენტი ნაწილობრივ მობილიზაციას აცხადებს.

ანალიტიკოსები ბაზრების რეაქციას პირდაპირ უკავშირებენ პოლიტიკურ სიახლეებს და გეოპოლიტიკური რისკების მატებას.