„ბიბისი“ - პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე ასობით მიგრანტის შეკრების გამო, ვარშავამ შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა
პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე ასობით მიგრანტის შეკრების გამო, ვარშავამ შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა.
ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ჰაერიდან გადაღებული კადრები, სადაც ჩანს, რომ პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის ბრუზგი-კუზნიცის მონაკვეთზე ასობით ადამიანია შეკრებილი. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საზღვარზე განთავსებული 12 ათასი ჯარისკაცი საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფება.
საზღვარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით პოლონეთის მთავრობაში საგანგებო სხდომა იმართება.
დღისით გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანან მიგრანტები, რომლებიც პოლონეთის საზღვრისკენ მიემართებიან. დღის მეორე ნახევარში მიგრანტებმა მავთულხლართების გადაჭრა და მორების დაზიანება სცადეს. პოლონელმა მესაზღვრეებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
პოლონეთი ბელარუსის მთავრობას ადანაშაულებს არალეგალური გზით გადასული მიგრანტების მიერ საზღვრის გადაკვეთაში. მაისის თვეში ევროკავშირის მხრიდან ბელარუსზე დაკისრებული სანქციების საპასუხოდ, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მინსკი ხელს აღარ შეუშლის ბელარუსიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტების გადასვლას. აღნიშნულის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა არალეგალი მიგრანტების მიერ ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის საზღვრების გადაკვეთის ფაქტები.