„ბიბისი“ - ერაყში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები ძლიერდება
ერაყში ტერორისტული ორგანიზაცია ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები ძლიერდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ (BBC) დასავლური ქვეყნების და ქურთული სადაზვერვო სამსახურების მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
ერაყის ქურთისტანის კონტრდაზვერვის სამსახურის თანამშრომელი ლაჰურ ტალაბანი ამბობს, რომ დაეშის მებრძოლებს ამჟამად უკეთესი ტექნიკა და ტაქტიკა აქვთ და ალ-ქაიდაზე უფრო საშიშები არიან. ერაყელი ქურთების სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, მნიშვნელოვანი დანაკარგების შემდეგ, რადიკალმა ისლამისტებმა რესურსების აღდგენის ფაზა სავარაუდოდ უკვე დაასრულეს, რადგან მათი აქტივობა სულ უფრო იზრდება.
„ბიბისი“ წერს, რომ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ბრძოლის ტაქტიკა შეცვალეს, ტერიტორიის კონტროლზე ორიენტირებული აღარ არიან და ამჟამად ჰამრინის მთებში და უდაბნოში იმალებიან, რომლის კონტროლს ერაყის არმია ვერ ახერხებს. ერაყელი ქურთები ასევე ამბობენ, რომ რადიკალი ისლამისტები სარგებლობენ ერაყის ცენტრალურ ხელისუფლებასა და ქურთისტანის ავტონომიას შორის არსებული დაძაბულობით და ერაყის დედაქალაქში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლებითაც.
ქურთული სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, ერაყში მყოფ რადიკალ ისლამისტებს ბოლო თვეების განმავლობაში სირიიდან 100-მდე მებრძოლი შეემატა, რომელთა შორის უცხოელებიც არიან.