აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სასამართლო დარბაზშია, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ამჟამად ის მანჰეტენის სისხლის სამართლის სასამართლოს შენობის მეთხუთმეტე სართულზე იმყოფება.
მედიის ინფორმაციით, ტრამპი სულ ცოტა ხანში წარდგება მოსამართლე ხუან მანუელ მერჩანის წინაშე.
დონალდ ტრამპი დღეს ნიუ იორკის სასამართლოში საიდუმლო სამსახურის თანხლებით მივიდა. თავდაპირველად ის პროკურატურის ოფისში შევიდა, სადაც, პროცედურის მიხედვით, მას ბრალი წარუდგინეს. ასევე, წესის მიხედვით, ამ დროს იღებენ ბრალდებულის ანაბეჭდებს და მას აცნობენ საკუთარ უფლებებს. ასევე, ბრალდებულს უღებენ ფოტოებს, თუმცა, როგორც მედია წერს, ტრამპის შემთხვევაში, სავარაუდოდ, ეს არ მოხდა, რადგან ტრამპი მსოფლიოში ცნობილი პიროვნებაა.
ამ პროცედურების ჩატარების მომენტში ტრამპი ფორმალურად პატიმრობაში იმყოფებოდა.
ამის შემდეგ ტრამპი მოსამართლის წინაშე უნდა წარდგეს, რომელიც იმსჯელებს აღკვეთის ღონისძიებაზე.
როგორც ვარაუდობენ, ტრამპს მალევე გაათავისუფლებენ გირაოთი, რის შემდეგაც ის აპირებს, დაბრუნდეს ფლორიდაში და სიტყვით მიმართოს მხარდამჭერებს.
შეგახსენებთ, რომ ტრამპის მიმართ წაყენებული ბრალდება ოფიციალურად ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა ვარაუდობენ, რომ მას პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ გადახდილი 130 000 დოლარის საქმეზე წარუდგენენ ბრალს. სტორმი დენიელსი ამტკიცებს, რომ წარსულში ურთიერთობა ჰქონდა ტრამპთან, რასაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი უარყოფს.