„ბიბისი“ - ავსტრალიაში ეჭვობენ, რომ ტყის მასშტაბური ხანძარი 16 წლის მოზარდმა გააჩინა
„ბიბისი“ - ავსტრალიაში ეჭვობენ, რომ ტყის მასშტაბური ხანძარი 16 წლის მოზარდმა გააჩინა

ავსტრალიაში ეჭვობენ, რომ ტყის მასშტაბური ხანძარი 16 წლის მოზარდმა გააჩინა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. ქუინსლენდის შტატის პოლიციის ინფორმაციით, მოზარდთან დაკავშირებით არსებულ საქმეს შტატის კანონების გათვალისწინებით მიუდგებიან.

როგორც ცნობილია, ქუინსლენდის შტატში ტყის მასივზე ხანძარი 9 ნოემბერს გაჩნდა და მალევე მოედო მიმდებარე ტერიტორიას. უკვე მეორე დღეს სტიქიამ 14 საცხოვრებელი სახლი, 22 შენობა-ნაგებობა და ათობით ავტომობილი გადაწვა. სამაშველო და სახანძრო სამსახურის თანამშრომლები შტატში ცეცხლის 70-მდე კერას ამ დრომდე ებრძვიან. ცალკეულ დასახლებებში უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობას ტერიტორია დაცლილი აქვს.

ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან ახალი სამხრეთ უელსის შტატშიც, სადაც სტიქიამ უკვე ოთხი ადამიანი შეიწირა. როგორც ცნობილია, აღნიშნულ რეგიონში ცეცხლის 120-მდე კერა მძვინვარებს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კლიმატის ცვლილების პარალელურად, ავსტრალიაში ტყის ხანძრების სეზონი გაცილებით ხანგრძლივი და ინტენსიური იქნება. 2017 და 2018 წლებში ავსტრალიაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდებოდა. მაღალი ტემპერატურის გამო კი ტყის მასივზე ხანძრები გაცილებით მასშტაბური გახდა. რადგან მეხანძრეებისთვის ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი როგორც წესი მშრალი ამინდი და მაღალი ტემპერატურაა.