„ბიბისი“ - აშშ ისრაელს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეზღუდვის გამო სამხედრო დახმარების შეწყვეტით ემუქრება
„ბიბისი“ - აშშ ისრაელს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეზღუდვის გამო სამხედრო დახმარების შეწყვეტით ემუქრება

აშშ ისრაელს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეზღუდვის გამო სამხედრო დახმარების შეწყვეტით ემუქრება, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

აშშ-მა ისრაელის მთავრობას წერილი გაუგზავნა, რომელშიც მას 30 დღის ვადაში ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გადაუდებელი გაზრდისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამერიკული სამხედრო დახმარების ნაწილის შეწყვეტით ემუქრება.

წერილს, რომელიც ორი დღის წინ გაიგზავნა, ხელს აწერენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი.

წერილში ნათქვამია, რომ აშშ „ღრმად შეშფოთებულია ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესების გამო“. მასში ასევე აღნიშნულია, რომ გასულ თვეში ისრაელმა უარი თქვა ან ხელი შეუშალა ღაზის ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ჰუმანიტარული დახმარების გადაადგილებების თითქმის 90%-ს.

როგორც წერილშია აღნიშნული, ევაკუაციის ბრძანებებმა 1.7 მილიონი ადამიანი გადაასახლა ვიწრო სანაპირო ზოლში, სადაც ისინი „სასიკვდილო ინფექციის მაღალი რისკის“ ქვეშ არიან. წერილში აშშ ითხოვს „გადაუდებელ და მდგრად ქმედებებს ისრაელის მთავრობის მხრიდან ამ ტრაექტორიის შესაცვლელად“.

როგორც „ბიბისი“ წერს, წერილი ჟურნალისტმა ბარაკ რავიდმა გაავრცელა.