აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდამსხმელის იდენტიფიცირება მოხდა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ის მუჰამედ საედ ალშამრანი იყო. სტუდენტი საუდის არაბეთიდან, რომელიც სამხედრო ბაზაზე წვრთნას გადიოდა.
ფლორიდაში, პენსაკოლას სამხედრო საზღვაო ბაზაზე თავდასხმა 6 დეკემბერს მოხდა. სტუდენტმა იქ მყოფების მიმართულებით ცეცხლი გახსნა. შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა. სამხედრო მოსამსახურეებმა თავდამსხმელის ადგილზე ლიკვიდირება მოახერხეს. მომხდარს გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებს.
როგორც „ბიბისი“ იუწყება, აღნიშნულ ბაზაზე 16 ათასი სამხედრო მოსამსახურე და 7 400 სამოქალაქო პირი მოღვაწეობს. მომხდართან დაკავშირებით კომენტარი უკვე გააკეთა დონალდ ტრამპმა. თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საუდის არაბეთის პრინცს ესაუბრა. სალმანმა კი მასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ეს თავდასხმა საუდის არაბეთის ხალხის პოზიციას არ გამოხატავს. პრინც სალმანის განმარტებით, მისი ხალხი ამერიკელების მიმართ პატივისცემის არის განმსჭვალული.
ეს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აშშ-ში სამხედრო ბაზაზე უკვე მეორე თავდასხმაა. რამდენიმე დღის წინ პერლ ჰარბორის სამხედრო ბაზაზე ამერიკელმა მეზღვაურმა ორი ადამიანი მოკლა.