„ბიბისი“ - აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროინდელი გრიფით საიდუმლო დოკუმენტების შესწავლა დაიწყო
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჯო ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის დროინდელი გრიფით საიდუმლო დოკუმენტების შესწავლა დაიწყო, რომლებიც გასული წლის ნოემბრამდე თეთრი სახლის სიახლოვეს, Penn Biden Center-ში ინახებოდა. როგორც „ბიბისი“ წერს, ბაიდენის ადვოკატების ჯგუფმა დოკუმენტები ეროვნულ არქივს სწორედ გასული წლის ნოემბერში გადასცა.
კერძოდ, საუბარია, ანალიტიკური ცენტრის სეიფში დაცულ ათ ფაილზე. მოკვლევაში ჩაერთო ფედერალური ბიურო, ასევე გენერალურ პროკურორს, მერიკ გარლანდს სთხოვეს, გაეცნოს დოკუმენტებს. CBS News-ს ანონიმურმა წყარომ განუცხადა, რომ მასალები არ შეიცავს ბირთვულ საიდუმლოებს.
ანალიტიკური ცენტრი თეთრი სახლის სიახლოვეს მდებარეობს. აღნიშნულ ცენტრში ჯო ბაიდენს ოფისი 2017-2020 წლებში ჰქონდა მოწყობილი.
აღსანიშნავია, რომ ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, მარალაგოს რეზიდენციაში აღმოჩენილი გასაიდუმლოებული დოკუმენტების გამო, გამოძიება მიმდინარეობს.