„ბიბისი“ აქვეყნებს ფილმს ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, რომლის თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილი სახელდება და „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული
ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, რომლის თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილი სახელდება, ფილმი გამოაქვეყნა.
თითქმის ერთსაათიან დოკუმენტურ ფილმში თაღლითური სქემა დეტალურად არის განხილული. ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული.
ფილმში მოხვდა ერთ-ერთი სპეცოპერაციის კადრებიც, რომელიც ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით თბილისში, ე.წ. პიქსელის შენობაში ჩატარდა.
„ბიბისის“ ჟურნალისტი ჰყვება, რომ ნახეს იმ ადამიანების სია, რომლებსაც თანხის გამოძალვის მიზნით უკავშირდებოდნენ, მათ შორის იყო რამდენიმე ბრიტანელის გვარიც. მისივე თქმით, ნაპოვნია ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთ მსხვერპლს სურს უძრავი ქონების შეძენა, თუმცა 10 000 ფუნტზე ნაკლები აქვს.
ფილმში ასევე მოყვანილია ერთ-ერთი საპოლიციო რეიდის კადრები, რომელსაც ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ და რომელიც საქართველოს ფარგლებს მიღმა ჩატარდა.
„ბიბისის“ ასევე ინტერვიუები აქვს ჩაწერილი თაღლითური სქემის რამდენიმე მსხვერპლთან და ე.წ. ქოლცენტრებში დასაქმებულებთან. ფილმში ისინი იდენტიფიცირებულნი არ არიან.
თაღლითური სქემით დაზარალებული პენსიონერი ცოლ-ქმარი ფილმში ჰყვება, რომ მათ 340 000 ფუნტი დაკარგეს.
„გვეუბნებოდნენ, ისე მოგივლით, როგორც საკუთარ დედას. ერთ-ერთი მამაკაცი გვეუბნებოდა: ფილ, იაზრებ, რომ მალე მილიონერი გახდები? ჩვენ 340 000 ფუნტი დავკარგეთ ზუსტად შვიდ დღეში“, – ჰყვება ერთ-ერთი დაზარალებული.
ერთ-ერთი ქართველი, ქოლცენტრის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც „ბიბისთან“ ანონიმურად საუბარი არჩია, აცხადებს, რომ თავდაპირველად არ იცოდა, რას აკეთებდა.
„სტუდენტებისთვის ძალიან რთულია კარგი სამსახურის მოძებნა მაღალი ანაზღაურებით. როდესაც მუშაობა დავიწყე, არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი. რეალურად გვეგონა, რომ ადამიანებს ვეხმარებოდით. როდესაც გავიგე, რა ხდებოდა სინამდვილეში, თავი ძალიან ცუდად ვიგრძენი იმ ადამიანების გამო, რომლებიც თაღლითობის მსხვერპლი გახდნენ“, – აცხადებს ქოლცენტრის ყოფილი თანამშრომელი.
ფილმში გერმანელი პროკურორი აცხადებს, რომ საქმის სამართლებრივი კუთხით უნდა დაინტერესდეს ბრიტანეთის შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო.
„უნდა ვიყოთ რეალისტები. ჩვენ არ შეგვიძლია, გადავარჩინოთ მსოფლიო. უკვე ისედაც ძალიან რთულია, გადავარჩინოთ გერმანიის ბაზარი. როგორც ვიცი, ბრიტანეთში უნდა იყოს გარკვეული სამართალდამცავი ორგანო. მათი მთავარი პასუხისმგებლობაა, ამას შეხედონ სამართლებრივი პერსპექტივიდან. ეს არ არის ჩვენი იურისდიქცია“, – განაცხადა გერმანელმა პროკურორმა.
მანამდე „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების მასალები, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული. სტატია სათაურით „ბიზნესმენების ძებნაში, რომლებიც მილიარდდოლარიანი თაღლითობის უკან დგანან“ გუშინ გამოქვეყნდა.
„ბიბისის“ ცნობით, კიბერთაღლითების გლობალურმა ქსელმა ინვესტორები გაძარცვა. ზარალი მილიარდ დოლარს აღწევს. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თავდაპირველად თაღლითები ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და შემოსავლების იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, საბოლოო ჯამში კი, მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევდნენ და ძარცვავდნენ. „ბიბისის“ ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 152 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა „სოლო ქეფითალსი“. როგორც „ბიბისი“ წერს, თაღლითების საერთაშორისო ქსელის გაშიფვრაზე ჟურნალისტები ერთი წელი მუშაობდნენ. მათივე ინფორმაციით, ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია „მილტონის ჯგუფის“ სახელწოდებით.