„ბიბისი“ აპროტესტებს, რომ „ტვიტერში“ ტელეკომპანიის მთავარი გვერდი მონიშნეს, როგორც „მთავრობის მიერ დაფინანსებული მედია“
„ბიბისი“ აპროტესტებს, რომ „ტვიტერში“ ტელეკომპანიის მთავარი გვერდი მონიშნეს, როგორც „მთავრობის მიერ დაფინანსებული მედია“

„ბიბისი“ აპროტესტებს, რომ „ტვიტერში“ ტელეკომპანიის მთავარი გვერდი მონიშნეს, როგორც „მთავრობის მიერ დაფინანსებული მედია“. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე დაუკავშირდა „ტვიტერის“ ხელმძღვანელობას, რათა აღნიშნული პრობლემა რაც შეიძლება მალე მოგვარდეს.

„ბიბისი“ ყოველთვის არის და იყო დამოუკიდებელი. ჩვენ გვაფინანსებს ბრიტანეთის საზოგადოება ლიცენზიის გადასახადის გზით“, – ნათქვამია „ბიბისის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპასუხოდ „ტვიტერის“ მფლობელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელი მიზნად ისახავს „მაქსიმალური გამჭვირვალობისა და სიზუსტის მიღწევას და ამიტომ მედიის დაკავშირება მის მფლობელებთან და დაფინანსების წყაროებთან გონივრულია“.

„მივიჩნევ, რომ მედიაორგანიზაციებმა თავადაც უნდა იცოდნენ და მცდარად არ უნდა ამტკიცებდნენ საკუთარ მიუკერძოებლობას. ყველა ორგანიზაცია არის მიკერძოებული. ზოგიერთი აშკარად უფრო მეტად, ვიდრე სხვები. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მე ვარ „ბიბისის“ ახალი ამბების გვერდის გამომწერი „ტვიტერში“, რადგან, ვფიქრობ, ის ყველაზე ნაკლებად მიკერძოებულ ორგანიზაციებს შორისაა“, – განაცხადა ილონ მასკმა.

​აღსანიშნავია, რომ მანამდე „ტვიტერის“ ქსელში „მთავრობის მიერ დაფინანსებულ მედიაორგანიზაციად“ მონიშნეს აშშ-ის საზოგადოებრივი მაუწყებელი NPR-ი. ამის გამო NPR-ში განაცხადეს, რომ ვიდრე ეს მონიშვნა არ მოიხსნება, ისინი „ტვიტერის“ გვერდზე ახალ ჩანაწერებს არ გამოაქვეყნებენ.