ბეთლემში ისრაელის სპეცრაზმსა და პალესტინელებს შორის შეტაკებები დაიწყო. პალესტინელებმა საბურავებსა და ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს და სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. თავის მხრივ, ისრაელის ძალებმა დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს დასავლეთ სანაპიროს სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ჰებრონსა და რამალაში.
არეულობა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მას შემდეგ დაიწყო, რაც დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა და თელავივიდან იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გადატანის გადაწყვეტილება მიიღო.
პოლიციასა და პალესტინელებს შორის შეტაკებები მოხდა იერუსლაიმშიც, სადაც ისრაელის ხელისუფლებამ დამატებითი ძალები შეიყვანა.
შეგახსენებთ, იერუსალიმი ისრაელისა და პალესტინელებს შორის დაპირისპირებაში დავის მთავარი საგანია. ისრაელი წმინდა ქალაქს თავის დედაქალაქად მიიჩნევს, ხოლო პალესტინელები აღმოსავლეთ იერუსალიმს საკუთარი მომავალი სახელწმიფოს დედაქალაქად მოიაზრებენ. 1993 წლის შეთანხმებით, იერუსალიმის სტატუსი მშვიდობიანმა მოლაპრაკებებმა უნდა განსაზღვროს.