ბესო გაზდელიანი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის რაიონული ორგანიზაციების წევრების უმრავლესობამ დატოვა
ბესო გაზდელიანი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის რაიონული ორგანიზაციების წევრების უმრავლესობამ დატოვა. ამის შესახებ მათ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს.
როგორც გაზდელიანმა აღნიშნა, ხაბეიშვილმა და მისმა გუნდმა არაფორმალური მმართველობით „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველა ღირებულება დაუკარგა. მან ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილსაც მიმართა და თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტის თანამებრძოლებად დარჩებიან.
„აქ ვდგავართ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათი უმრავლესობა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში უანგაროდ და ერთგულად ემსახურებოდნენ პარტიას და იმ ღირებულებებს, იდეალებს, რის გამოც ჩვენ თავის დროზე პარტიაში მოვედით. აქ არიან ადამიანები, ვისი მხრებითაც მოვიდა პარტია აქამდე.
მოგმართავთ ახალ მენეჯმენტს – რა არის თქვენთვის ეს პარტია? შეიძლება ეს არის მექანიზმი პარლამენტში მოხვედრის, ამბიციების დაკმაყოფილების, მაგრამ ჩვენთვის ეს არის პოლიტიკური ოჯახი, სადაც მოვედით ღირებულებებით და იდეალებით დამუხტულები. მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ჩვენს თავს მანდ ვეღარ ვხედავთ. გვიწევს ძალიან მძიმე გადაწყვეტილების მიღება – ვტოვებთ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ვდგამთ ნაბიჯს წინ, მომავალში იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ბატონო მიშა, მინდა, გისურვოთ ჯანმრთელობა და მალე თავისუფლება, ჩვენ ვრჩებით „ვარდების რევოლუციის“ იდეების ერთგულნი და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური თანამებრძოლები“, – განაცხადა გაზდელიანმა.
ამასთან, დავით ლაგვილავას განცხადებით, „პარტიის მენეჯმენტში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ დღეს, სამწუხაროდ, აღარაფერი დარჩა „ნაციონალური მოძრაობისგან“. მისივე თქმით, ისინი ნიკა მელიას ახალ პარტიას შეუერთდებიან.
„ის, რაც დღეს ხდება პარტიაში – კლანურობა, კარჩაკეტილობა, არაფორმალური მმართველობა, განსხვავებული აზრის მქონე, კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების დევნა პარტიიდან, ამის გამო მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რადგან მიგვაჩნია, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის ეფექტური იარაღი დღევანდელი რუსული რეჟიმის დასამარცხებლად.
აუცილებლად ვაპირებთ შესვლას ახალ პარტიაში, რომელიც დაფუძნდება უახლოეს მომავალში ნიკა მელიას ხელმძღვანელობით და სწორედ ამ პარტიიდან ვაპირებთ ღირსებით, სიმართლით, შეუპოვრობით ბრძოლის გაგრძელებას“, – აღნიშნა დავით ლაგვილავამ.