ბესიკ ლილუაშვილი - საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ნათლად აჩვენა, რომ მცირე დროშიც მზადდება პროდუქტი, რომელსაც დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია მოსახლეობისთვის
ბესიკ ლილუაშვილი - საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ნათლად აჩვენა, რომ მცირე დროშიც მზადდება პროდუქტი, რომელსაც დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია მოსახლეობისთვის

პროექტმა „ტელესკოლამ“ საგანგებო მდგომარეობის დროს საკუთარი საჭიროება ძალიან კარგად გვაჩვენა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა, ბესიკ ლილუაშვილმა განაცხადა.

„გამოჩნდა საჭიროება, რომ უნდა არსებობდეს არხი, რომელიც მთლიანად იქნება დატვირთული საგანმანათლებლო გადაცემებით, მთლიანად შემეცნებასა და განათლებაზე იქნება ორიენტირებული. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმის, რომ მხარი დავუჭირე პროექტს. ეს იქნება კარგი საშუალება, რომ შეიქმნას ახალი პლატფორმა, სადაც მოხდება ინტეგრირება განათლებისა და შემეცნების, ქართული კინოდოკუმენტალისტიკის, ქართული ანიმაციის, ისეთი პროდუქციის, რომელიც მთლიანად იქნება ორიენტირებული განათლებასა და შემეცნებაზე“, – აღნიშნა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საგანგებო ვითარებაში ნათლად აჩვენა, რომ მცირე დროშიც მზადდება ისეთი პროდუქტი, რომელსაც შეუძლია, დიდი სარგებელი მოუტანოს საქართველოს მოსახლეობას.

„იქედან გამომდინარე, რომ სპონტანურად ამდენი რამ მოხერხდა, დარწმუნებული ვარ, როცა ამის სტრუქტურიზება, დაგეგმვა მოხდება და პროცესი დროში გაიწერება, გაცილებით უკეთესი პროექტი მომზადდება“, – განაცხადა ბესიკ ლილუაშვილმა.

მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ექვსი ხმით მხარი დაუჭირეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დებულებაში ცვლილებას.

ცვლილებების მიხედვით, მეორე არხი ოფიციალურად გარდაიქმნა ახალ არხად „საქართველოს პირველი არხი – განათლება“, რომელიც პროექტ „ტელესკოლას“ ეფუძნება.

გარდა ამისა, „ტელესკოლა“ უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების შესაბამისად ტელეგაკვეთილების წარმოებას როგორც ქართული, ასევე არაქართულენოვანი სექტორისთვის; ასევე აბიტურიენტებისთვის განკუთვნილი კონტენტის წარმოებას; შემეცნებით-საგანმანათლებლო გადაცემების/პროექტების წარმოებას; შემეცნებით-საგანმანათლებლო მექანიკური პროდუქციის (მათ შორის, მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების) განთავსებას.