ბესიკ ფესტვენიძე - სახელმწიფოსგან გარკვეული რეგულაციებია საჭირო, რათა მედიკამენტებზე ზომიერი ფასები შევინარჩუნოთ
საქართველოში ფარმაცევტული ბაზარი ოლიგოპოლიურია, სულ სამი დომინანტი მოთამაშეა და ალბათ, სახელმწიფოსგან გარკვეული რეგულაციებია საჭირო, რათა ქვეყანაში ზომიერი ფასები შევინარჩუნოთ, – ამის შესახებ „ჯი-პი-აი ჰოლდინგის“ სამედიცინო დაზღვევის დირექტორმა, ბესიკ ფესტვენიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„როცა ფარმაცევტული კომპანიები სამედიცინო დაწესებულებებს ფლობენ, ბევრ ქვეყანაში ამას პრობლემურად აღიქვამენ, რადგან ამ შემთხვევაში ფარმაცევტულ კომპანიებს უფრო მეტი ბერკეტი აქვთ, ექიმზე და მის დანიშნულებაზე გავლენა პირდაპირი გზით მოახდინონ“, – განაცხადა ფესტვენიძემ.
ამ განცხადებით ბესიკ ფესტვენიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ქმნის თუ არა საფრთხეს ფარმაცევტული კომპანიების მონათესავე ბიზნესში შესვლა იმ მოცემულობაში, როცა ქართველი ფარმაცევტული კომპანიები ერთდროულად წამლის საცალო და საბითუმო რეალიზაციის ქსელებს ფლობენ, არიან იმპორტიორები, აქვთ საკუთარი ადგილობრივი წარმოება, კლინიკები და ბოლო წლებში სადაზღვევო კომპანიებიც გახსნეს.
„ჯი-პი-აი ჰოლდინგის“ სამედიცინო დაზღვევის დირექტორის თქმით, ამ სექტორში პრობლემის არსებობა იქიდანაც ჩანს, რომ ჯანდაცვის დანახარჯების 40% მედიკამენტებზე მოდის, რაც კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელია.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ფარმაცევტული კომპანიები ექიმებს სხვადასხვა ფორმით სტიმულს აძლევენ, რომ პაციენტებს მათთვის სასურველი მედიკამენტები გამოუწერონ, რამდენად მწვავედ დგას ექიმების მიერ პაციენტებისთვის ჭარბი რაოდენობით წამლის დანიშვნის პრობლემა და როგორია მისი დარეგულირების გზები, ბესიკ ფესტვენიძემ განაცხადა, რომ პოლიპრაგმაზია მწვავე პრობლემაა, რაც მედიკამენტების დანახარჯების ზრდას იწვევს.
„ჩვენ შემთხვევაში, ყოველი მეხუთე დანიშნულება, რომელიც პაციენტს ასანაზღაურებლად მოაქვს, პოლიპრაგმაზიის მაგალითია. ჭარბი დანიშნულებები დაახლოებით 20-25%-ია. ამის მიზეზი მხოლოდ ექიმთა არასწორი მოტივაცია არ არის. აქ შეიძლება იყოს უწყვეტი სამედიცინო განათლების დეფიციტი, ინფორმაციის ნაკლებობა, ქვეყანაში გაიდლაინებისა და პროტოკოლების არარსებობა, ექიმის შიში, რომ ვაითუ, რაღაც გამორჩეს და ა.შ“, – განაცხადა ბესიკ ფესტვენიძემ.
როგორც მან აღნიშნა, არიან სპეციალისტები, რომლებისგანაც ყველა პაციენტზე პოლიპრაგმაზიაა და მათ შესახებ უკვე ყველამ იცის.
„აშშ-ში ახალი „სანშაინ“ აქტი მიიღეს, რომლითაც ექიმები დაავალდებულეს, ფარმაცევტული კომპანიებისგან მიღებული თანხების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნონ. ეს პრაქტიკა ჩვენი ქვეყნისთვისაც ძალიან საინტერესოა. ჭარბწამლიანობის პრობლემის აღმოსაფხვრელად კომპლექსური ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რაც ფარმაცევტულ ბიზნესს არ დააზიანებს და სიტუაციას გააჯანსაღებს“, – განაცხადა ბესიკ ფესტვენიძემ.