ბეშუმში „შუამთობის“ პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია გამართეს
ბეშუმში, სახალხო დღესასწაულ „შუამთობის“ ოფიციალური ღონისძიების პარალელურად, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ესწრებოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებს ბანერი ჰქონდათ გაშლილი წარწერით „გახარია წადი“. მათ ბანერი მინდორზე გამოფინეს. მას შემდეგ კი, რაც პრემიერმა კონცერტიდან სპორტულ ღონისძიებებზე გადაინაცვლა, აქციის მონაწილეები მისკენ დაიძრნენ, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს, რასაც მცირედი დაპირისპირება მოჰყვა.
„ჩვენ ვცდილობდით მამუკა ბახტაძესთან მიახლოებას და იმის თქმა, რომ გიორგი გახარია უნდა წავიდეს, თუმცა სრულიად უკანონოდ პოლიციამ გადაადგილების საშუალება არ მოგვცა“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხელვაჩაურის საკრებულოდან მიშა ბოლქვაძე.
დღესასწაულზე მყოფი მოსახლეობის ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ აქციას უკმაყოფილო შეხვდა.
„თქვენ მოაწყვეთ სამარცხვინო ამბავი და ჩრდილი მიაყენეთ ჩვენ სტუმართმოყვარეობას“, – მიმართა აქციის მონაწილეებს ერთ-ერთმა ადგილობრივმა ქალბატონმა.
აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც მამუკა ბახტაძემ კურორტი ბეშუმი დატოვა.