ბესარიონ თედიაშვილი - პრეზიდენტობა იმიტომ მინდა, დასაქმების პრეზიდენტი ვიყო, როცა საპრეზიდენტო ვადას მოვრჩები, მინდა, ხალხმა ტაშით გამაცილოს
პრეზიდენტობა იმიტომ მინდა, დასაქმების პრეზიდენტი მინდა, ვიყო, მთავრობასთან კანონებზე ჩოჩქოლს არ ვაპირებ და როცა საპრეზიდენტო ვადას მოვრჩები, მინდა, ხალხმა ტაშით გამაცილოს, რაც ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, ბესარიონ თედიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა.
„მე არასდროს ვყოფილვარ პოლიტიკოსი, მაგრამ ვარ პრაქტიკოსი და ვიცი, რა სჭირდება ჩემს ხალხს. მინდა, სოფლად თუ ქალაქად, ყველა დაკავებული იყოს და ხალხის შემოსავლები გაიზარდოს. ჩვენ ქვეყანაში მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემოტანა გვჭირდება. ყველაფრის შემობრუნება შესაძლებელია. მთავარია, ნება იყოს. ჩვენ შევძლებთ, დავასაქმოთ ხალხი და ყველაფერი გამოვასწოროთ“, – განაცხადა თედიაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორი იქნება მისი მიდგომა საპენსიო პოლიტიკის მიმართ და როგორ ხედავს პრობლემის გადაჭრის გზას, ბესარიონ თედიაშვილმა განაცხადა, რომ საპენსიო რეფორმა გასატარებელია და პენსია გასაზრდელია.
„ადამიანს რომ ასაქმებ და პირობითად, ხელზე 100 ლარს უხდი, ის 25 ლარს საშემოსავლოს იხდის, რაც ასე ვთქვათ, საპენსიო ფონდში მიდის, საიდანაც მერე პენსიები და ა.შ. უნდა გადაიხადო. რაც უფრო მეტი ადამიანია დასაქმებული და რაც უფრო მეტი ადამიანი იხდის ამ საშემოსავლოს, ბიუჯეტში მით უფრო მეტი თანხა შედის და შეგიძლია, გააკეთო საპენსიო რეფორმა, რითაც პენსიის გაცემას დააფინანსებ“, – განაცხადა თედიაშვილმა.
როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, თუ ქვეყანაში მშპ და შემოსავლები სწრაფად გაიზრდება, სრულიად რეალისტურია, სამ-ოთხ წელიწადში 1000-ლარიანი პენსია იყოს.