ბერნში საქართველოს პირველი დიპლომატიური მისიისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა
შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში, Thunstarsse 2-ში მდებარე შენობას დღეიდან საქართველოს პირველი დიპლომატიური მისიისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა ამშვენებს.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მემორიალური დაფა განთავსდა შენობაზე, სადაც 1918-1920 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობა და საქართველოს პრესის ბიურო მდებარეობდა.
ღონისძიებას თბილისისა და ბერნის მერები კახა კალაძე და ალეკ ფონ გრაფენრიდი დაესწრნენ. კახა კალაძემ და ალეკ ფონ გრაფენრიდმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ შვეიცარიამ საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წელს აღიარა.
თბილისის მერის განცხადებით, მიმდინარე წელს შესრულდა საქართველოსა და შვეიცარიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავი და მნიშვნელოვანია, რომ ამ თარიღის აღსანიშნავად მემორიალური დაფა განთავსდა.
„გვქონდა შესაძლებლობა, გაგვეხსნა პირველი დიპლომატიური მისიის მემორიალური დაფა იმ შენობა-ნაგებობაში, სადაც 1918 წელს, როდესაც შვეიცარიამ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა აღიარა, ჩვენი დიპლომატიური მისია, საელჩო იყო განთავსებული. გარკვეული წლების განმავლობაში, აღნიშნული შენობა-ნაგებობა არ მოიძებნებოდა, არ გვქონდა ინფორმაცია, თუ სად იყო პირველი დიპლომატიური მისია. შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, ჩვენი საელჩოს ჩართულობით, არქივში მოიძებნა აღნიშნული ადგილი და მისმა მეპატრონემ მემორიალური დაფის განთავსებაზე თანხმობა განაცხადა, რაც ძალიან სასიამოვნოა. მე, როგორც ქართველს, ძალიან მიხარია, რომ ქალაქ ბერნში ჩვენი პირველი დიპლომატიური მისიის მემორიალური დაფა არსებობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და შვეიცარიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ ლომინაძე.
„მოხარული ვარ, რომ ბერნში იმყოფება კახა კალაძე, რადგან თბილისსა და ბერნს შორის მეგობრობა მნიშვნელოვანია. ყველაფერი იცვლება, შენობები იცვლებიან, მაგრამ რჩება მეგობრობა, რომელიც დროს უძლებს“, – აღნიშნა ბერნის მერმა.
შვეიცარიაში საქართველოს ელჩმა კი განაცხადა, რომ მემორიალური დაფის გახსნა ორი ქვეყნის შემდგომი თანამშრომლობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
„ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა და ადგილი საქართველოს ისტორიისთვის, რადგან 1918 წელს ბერნში, ზუსტად ამ ადგილას საქართველოს დიპლომატიური მისია დაარსდა. ეს იყო 1918 წლის ოქტომბერში, ამავე წლის ნოემბერში კი გაიხსნა ქართული საინფორმაციო ბიურო, რომელიც იმ დროიდან ქართული იდენტობის, საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური შესაძლებლობების პოპულარიზაციისთვის მუშაობდა. შესაბამისად, ბერნისა და თბილისის მერების მიერ მემორიალური დაფის გახსნა უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი შემდგომი თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა რევაზ ლომინაძემ.