ბერნის ბიბლიოთეკაში ქართული სექცია იხსნება. ინფორმაციას შვეიცარიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
„გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, 14:00 სთ-ზე, ქ. ბერნში მცხოვრები თანამემამულეების ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის ბერნის კანტონის განათლების განყოფილების, ბერნის ინტერკულტურული ბიბლიოთეკისა და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქ. ბერნის კულტურათაშორის ბიბლიოთეკაში Bern: Interkulturelle Bibliothek Zentrum5, Interbiblio, დაგეგმილია ქართული ბიბლიოთეკის სექციის გახსნა.
ღონისძიების ფარგლებში, ქ. ბერნის ინტერკულტურულ ბიბლიოთეკას გადაეცემა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ მოწოდებული საბავშვო ქართული და უცხოური ლიტერატურა ქართულ ენაზე.
საწყის ეტაპზე, ქ. ბერნის ინტერკულტურულ ბიბლიოთეკაში, სპეციალურად გამოყოფილ ფართში, განთავსდება სამოცამდე ქართული წიგნი, ხოლო უახლოეს პერიოდში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ქ. ბერნის ინტერკულტურულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რაც ხელს შეუწყობს ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობის უფრო ფართოდ წარმოჩენას ბერნის ბიბლიოთეკაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
საელჩოს ცნობით, მხედველობაშია მისაღები, რომ პანდემიის პირობების გათვალისწინებით, ბიბლიოთეკის ადმინისტრაციის თხოვნით, ქართული ბიბლიოთეკის სექციის გახსნის ღონისძიებაზე შესაძლებელია სულ 15 პირის დასწრება.