ბერნი სანდერსმა მაიკლ ბლუმბერგს მიმართა - ჩვენ დემოკრატია ვართ და არა ოლიგარქია
დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ბერნი სანდერსმა ნიუ იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი გააკრიტიკა. ვერმონტელი სენატორის განცხადებით, ბლუმბერგი საპრეზიდენტო არჩევნების ყიდვას ვერ შეძლებს. ეს განცხადება სანდერსმა ვაშინგტონის შტატში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე გააკეთა.
„დღეს ჩვენ ვეუბნებით მერ ბლუმბერგს, ჩვენ დემოკრატია ვართ და არა ოლიგარქია. შენ ვერ იყიდი არჩევნებს“, – განაცხადა სანდერსმა.
ნიუ იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი ბერნი სანდერსის მსგავსად საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის დემოკრატიული პარტიიდან იბრძვის.
ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლისა სანდერსმა მეტოქე ბლუმბერგი დონალდ ტრამპს შეადარა. მისი თქმით, „ორივე მილიარდერი, ბლუმბერგიც და ტრამპიც ცდილობს, ქონება პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.
„ტრამპი და რესპუბლიკური პარტია ნერვიულობენ. ასევე ნერვიულობენ უოლ სტრიტზეც, სადაზღვევო ინდუსტრიაშიც, ფარმაცევტულ და სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელ კომპანებშიც. ნერვიულობს სამხედრო ინდუსტრიაც და დემოკრატიული ისტებლიშმენტიც და იცით რას გეტყვით, მათ სანერვიულო ნამდვილად აქვთ“, – განაცხადა ბერნი სანდერსმა.
შეგახსენებთ, რომ ვერმონტელმა სენატორმა ბერნი სანდერსმა ნიუ ჰემფშირში გამართულ შიდა კენჭისყრაზე დემოკრატიული პარტიის ამომრჩევლების უმრავლესობის ხმები მოიპოვა და ახლა სანდერსი დემოკრატიული პარტიის კანდიდატებს შორის ლიდერია.