გერმანიის დედაქალაქ ბერლინში უკრაინის აღდგენის კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთეს რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.
ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრის, გორდან გრლიჩ-რადმანის განცხადებით, ხორვატია ემხრობა უკრაინისთვის აუცილებელი მხარდაჭერის მიწოდებას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.
„უკრაინის აღდგენის კონფერენცია, რომელსაც გერმანია და უკრაინა ერთობლივად მასპინძლობენ, აერთიანებს ქვეყნების ლიდერებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ბიზნესს, სამოქალაქო საზოგადოებას უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და რეფორმებისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებისთვის. ხორვატია პირველივე დღიდან უკრაინის გვერდით დგას და აწვდის მას მნიშვნელოვან დახმარებას. ჩვენ შევიფარეთ მრავალი ლტოლვილი და მივეცით მათ წვდომა არსებით საჭიროებებზე. გვჯერა უკრაინის შესაძლებლობის და ვემხრობით უკრაინისთვის აუცილებელი მხარდაჭერის მიწოდებას, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, – განაცხადა გორდან გრლიჩ-რადმანმა.
ამასთან, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის განცხადებით, ჩეხეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, უკრაინამ შეძლოს თავის დაცვა.
„ჩვენ არა მხოლოდ მხარს ვუჭერთ უკრაინას და მის აღდგენას, არამედ ასევე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა თავდასხმების წინააღმდეგ, რადგან ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 75% განადგურებულია. ჩვენ ვახორციელებთ სპეციალურ პროექტებს, რათა მივაწოდოთ უკრაინას გათბობის სისტემები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრის პერიოდში. ვაწვდით აღჭურვილობას სამედიცინო დაწესებულებებისთვის. უკრაინას გადავეცით ერთი საველე ჰოსპიტალი, ასევე გვაქვს საავადმყოფოებში ექიმების განთავსების პროგრამა. ასე რომ, ეს არის პრაქტიკული მაგალითები იმისა, რას აკეთებს ჩეხეთი უკრაინისთვის. რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, – განაცხადა იან ლიპავსკიმ.
კონფერენციის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმაც, რომელმაც აღნიშნა:
„დღეს არის მნიშვნელოვანი დღე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ჩვენ არა მხოლოდ ერთიანი ვართ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების წინააღმდეგ, არამედ ერთად გზას ვუკვალავთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. პუტინს სურს, გაანადგუროს უკრაინის სასიცოცხლო ძალა თავისი სასტიკი ომით“.
უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც, რომელიც ბერლინში დელეგაციასთან ერთად იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.