ბერლინში საქართველოს ელჩების კონფერენცია მიმდინარეობს, რომელშიც პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობს
ბერლინში საქართველოს ელჩების კონფერენცია მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც მონაწილეობს.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, საუბარი ეხება შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს აქვს ევროინტეგრაციის მიმართულებით.
„გერმანია არის ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი მხარდამჭერი ქვეყანა. ჩვენ ძალიან ძლიერი მხარდაჭერის მობილიზება შევძელით ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნიდან. გერმანია იყო, არის და იქნება ერთ-ერთი მათგანი. სიმბოლურად, ჩვენ შარშან დავიწყეთ ელჩების კონფერენციის სერია და შარშან ბერლინში ჩავატარეთ ელჩების კონფერენცია, სადაც ვისაუბრეთ იმ ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა გადავდგათ ევროკავშირში ინტეგრაციის წარმატებით განხორციელების საქმეში და წელსაც გაგრძელდა ეს ტრადიცია, რაღაც სიმბოლური ჟესტიც არის ჩვენი მხრიდან, სწორედ ბერლინში მსგავსი ტიპის კონსულტაციების, ჩვენს ქართველ ელჩებთან. მოხარული ვართ, რომ წლევანდელი ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით ჩატარდა. ჩვენ ვსაუბრობთ ტრადიციულად იმ შესაძლებლობებზე და იმ გამოწვევებზე, რომლებიც აქვს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები ცალსახაა. ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ თითქმის ყოველდღიურად და ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ გვინდა, რომ თითოეული ელჩი, რომელიც მუშაობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და სხვადასხვა ორგანიზაციაში ევროპაში, იყოს სრულად ინფორმირებული იმ საკითხების შესახებ, რომლებიც არის ქვეყანაში, რომელი გამოწვევებიც აქვს ქვეყანას და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ, გამოწვევები ვაქციოთ შესაძლებლობებად და გავაგრძელოთ ევროპული ინტეგრაცია. ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი ამ მიმართულებით და დღევანდელი კონფერენცია არის ღია დისკუსია. ელჩებს ეძლევათ შესაძლებლობა, პრემიერ-მინისტრს დაუსვან კითხვები, მიიღონ პასუხები და ეს არის ძალიან ღია, ჯანსაღი დისკუსია, რაც ჩვენი ტრადიციის გაგრძელებაა, რომელიც შარშან დავიწყეთ ბერლინში, ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პარტნიორთან, გერმანიასთან. სიმბოლური ჟესტიცაა ჩვენი მხრიდან შეხვედრის აქ გამართვა და ძალიან სასიამოვნოა, რომ პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს ამ შეხვედრაში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.