ბერლინში სალომე ზურაბიშვილმა ქართველ სტუდენტებს სამშობლოში დაბრუნებისას არსებული პერსპექტივები გააცნო
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ბერლინში ქართველ სტუდენტებს შეხვდა და მათ სწავლასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემები მოისმინა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუდენტები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობით და იმ გზავნილებით დაინტერესდნენ, რომელსაც საქართველოს დასავლელი პარტნიორებისაგან იღებს.
პრეზიდენტმა შეხვედრისას მოკლედ შეაჯამა საფრანგეთსა და გერმანიაში გამართული შეხვედრები და სტუდენტების შეკითხვების საპასუხოდ აღნიშნა, რომ საქართველოს პარტნიორები ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობის გზაზე განხორციელებულ რეფორმებს დადებითად აფასებენ.
სტუდენტები ასევე დაინტერესდნენ განათლების მიმართულებით ევროკავშირის პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობების გაზრდით.
შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილიც მონაწილეობდა, პრეზიდენტმა სტუდენტებს განათლების მიღების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებისას არსებული პერსპექტივები გააცნო.