გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში FRUITLOGISTICA 2023 თოთხმეტმა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
სოფლის განვითარების სააგენტომ გერმანიის ეკონომიკურ გაერთიანებასთან თანამშრომლობით, გამოფენაზე ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი ის კომპანიები წარადგინა, რომელთა პროდუქტებიც ევროკავშირის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტების ბენეფიციარებს ამ მნიშვნელოვანი გამოფენის ფარგლებში შესაძლებლობა მიეცათ, გაეცნოთ სხვადასხვა კომპანიის და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ქართული აგროპროდუქციისთვის ბაზრების დივერსიფიკაციის პროცესს და ექსპორტის ზრდას“, – განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, გიორგი ჯიბლაძემ.
საერთაშორისო გამოფენაზე FRUIT LOGISTICA 2023 საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების: „აგროლეინის“, „ბლუბერდის“, „გოლდენ ფარმსის“, „ხონის პლანტაციების“, „როიალ ბერის“, FCO-ს, „სილქ აგრო ტექნოლოჯისის“, „ჰერბიას“, „ვეს ბესტ ბლუბერი პლანტის“, „მამბოფროსტის“, „სიდერის“, „ბლუ გოლდ ჯორჯიას“, „მწვანე მდელოს“ პროდუქცია.
აღსანიშნავია, რომ გამოფენაში მონაწილეობდა „იმერეთის აგროზონა“, რომელმაც სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარებისა და მებაღეობის სასწავლო-სადემონსტრაციო ცენტრის პროექტები წარადგინა. აღსანიშნავია, რომ „იმერეთის აგროზონის“ ორივე პროექტის მიმართ პოტენციური ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესი დაფიქსირდა. შეხვედრები გაიმართა ასევე მებაღეობის სასწავლო-სადემონსტრაციო ცენტრის როგორც არსებულ წევრებთან, ნიდერლანდურ კომპანიებთან, ასევე რამდენიმე გერმანულ, იტალიურ და დანიურ კომპანიასთან, რომლებიც ცენტრის წევრობით დაინტერესდნენ.
FRUIT LOGISTICA ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. გამოფენას ყოველწლიურად 80 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. წელს გამოფენაში მონაწილეობა 87 ქვეყანამ და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედმა 2 000-მდე ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო. FRUITLOGISTICA 2023 10 თებერვალს დასრულდა.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.