ბერლინში პოლიციამ არეულობის მომწყობი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით გაანეიტრალა
ბერლინში პოლიციამ არეულობის მომწყობი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით გაანეიტრალა. ინციდენტი გერმანიის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში, საკათედრო ტაძარში მოხდა. ინფორმაციას ბერლინის პოლიცია, მიკრობლობ „ტვიტერის“ საშუალებით ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადგილობრივი დროით 16:00 სთ-ზე, სროლის შედეგად დებოშის მომწყობი მამაკაცი ფეხში დაიჭრა. ადგილობრივი მედია ინციდენტის დროს ორი დაშავებულის შესახებაც იუწყება. თუმცა მანამდე გავრცელებული ინფორმაცია სამართალდამცველის დაჭრასთან დაკავშირებით, სინამდვილეს არ შეესაბამება. პოლიციამ ტერორისტული მოტივები უკვე გამორიცხა.
ინციდენტიდან რამდენიმე წუთში პოლიციამ საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა.
ბერლინის საკათედრო ტაძარი გერმანიის დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. XIX საუკუნის ნაგებობა მუზეუმების კუნძულზე მდებარეობს. 2017 წელს ტაძარი 700 ათასმა ადამიანმა მოინახულა.