ბერლინში „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრა მიმდინარეობს. უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის კრიზისსა და მისი დარეგულირების გზებს განიხილავენ.
მოლაპარაკების მთავარი თემა მინსკის შეთანხმების შესრულებაა. მათ შორის არის ცეცხლის შეწყვეტა და ტყვეების გაცვლა. ასევე უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გაერო-ს მისიის განთავსება.
„ცოტა ხნის წინ, აღმოსავლეთ უკრაინას ვესტუმრე. ადგილობრივმა მოსახლეობამ მკითხა, როდის დამყარდებოდა საბოლოოდ მშვიდობა. მე ვერ შევძელი დამაკმაყოფილებელი პასუხის გაცემა. ახალი საკითხი, რაზეც დღეს უნდა ვისაუბროთ, აღმოსავლეთ უკრაინაში გაერო-ს მისიის განთავსებაა. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში სამშვიდობო პროცესის განახლებას მოახერხებს“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრის დაწყებამდე.
შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია სამუშაო სადილი, რის შემდეგაც პაველ კლიმკინი, სერგეი ლავროვი, ჰეიკო მაასი და ჟან-ივ ლე დრიანი მედიის წარმომადგენლების წინაშე განცხადებებით გამოვლენ.