ბერლინში მშენებლებმა ელექტროსადენი დააზიანეს, რის გამოც 30 ათასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ბერლინში მშენებლებმა შემთხვევით ელექტროსადენი დააზიანეს, რის შედეგადაც 30 ათასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ბერლინის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, სალვადორ ალიენდეს სახელობის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს ერთ-ერთმა მუშამ შემთხვევით ელექტროსადენი დააზიანა, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილს შეუწყდა. ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 30 ათასამდე ადამიანი და ორი ათასამდე კომპანია.
ინციდენტის გამო, ოთხშაბათს არ იმუშავებს სკოლები და საბავშვო ბაღები. დაზიანების გამო, შეფერხდა სატელეფონო და მობილური კავშირი. ელექტროენერგიის მიწოდება ბერლინის მოსახლეობას დღეს აღუდგება.