ბერლინში გერმანიის კანცლერის, საფრანგეთისა და პოლონეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა
ბერლინში გერმანიის კანცლერის, საფრანგეთისა და პოლონეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. საუბრის მთავარი თემა უკრაინა იყო.
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, ლიდერების საერთო მიზანი ევროპაში ომის თავიდან აცილებაა.
„ჩვენი საერთო მიზანი ევროპაში ომის თავიდან აცილებაა. უკრაინის საზღვარზე რუსული ძალების განლაგება ძალზე შემაშფოთებელია და აღნიშნული ვითარების შესახებ ჩვენი შეფასებები მსგავსია. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა მიუღებელია და ამას შორსმიმავალი შედეგები ექნება პოლიტიკურად, ეკონომიკურად და რა თქმა უნდა, გეოსტრატეგიულადაც“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას თქმით გერმანია, პოლონეთი და საფრანგეთი ყველაფერს გააკეთებენ მოსკოვსა და კიევს შორის დაძაბულობის დეესკალაციისთვის.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი მოსკოვთან უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობაზე ისაუბრა.