ბერლინში გერმანიის აგრარულ პოლიტიკას აპროტესტებენ
ბერლინში გერმანიის აგრარულ პოლიტიკას აპროტესტებენ

ბერლინში ათი ათასობით ადამიანი გერმანიის აგრარული პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდა. დემონსტრაციის ორგანიზატორების მონაცემებით, საპროტესტო აქციაში 33 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, რაც გასულ წელს გამართული ანალოგიური აქციის მონაწილეთა რაოდენობაზე თითქმის ორჯერ მეტია.

დემონსტრაცია ბერლინში მიმდინარე აგრარული გამოფენის „მწვანე კვირის“ პარალელურად გაიმართა. ღონისძიება გერმანიის დედაქალაქში 19 იანვარს გაიხსნა.

მსვლელობაში ასზე მეტი ტრაქტორი მონაწილეობდა. დემონსტრანტები სოფლის მეურნეობის ბიზნესის გლობალიზაციისა და აგროკონცერნების წინააღმდეგ გამოვიდნენ. მათი თქმით, აგროკონცერნები ბაზრიდან მცირე ფერმერულ მეურნეობებს დევნიან, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა პირობებში ნატურალურ პროდუქტებს აწარმოებენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობას მოუწოდებენ, აკრძალოს გლიფოსატის გამოყენება, რადგან აღნიშნული ქიმიკატი სარეველა მცენარეების განადგურებას ამარტივებს, თუმცა გარემოსთვის საზიანოა.

„ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობა ფერმერებს, კლიმატს, ცხოველებსა და გარემოს ლოკალურ და გლობალურ პრობლემებს უქმნიან“, – განაცხადა დემონსტრაციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა იოხენ ფრიცმა.