ბერლინში გამართულ კონკურსში თბილისი 2020 წლის „საუკეთესო კულტურულ ქალაქად“ დასახელდა
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბერლინში ჩატარებულ კონკურსში თბილისი 2020 წლის „საუკეთესო კულტურულ ქალაქად“ დასახელდა.
„მინდა, კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია მოგაწოდოთ – ბერლინში ჩატარებულ კონკურსში თბილისი 2020 წლის „საუკეთესო კულტურულ ქალაქად“ დასახელდა. LCD Berlin Awards-ის გლობალური კულტურული სამოგზაურო ქსელისა და VisitBerlin-ის ერთობლივ ცერემონიაზე საქართველოს დედაქალაქმა გაიმარჯვა“ ,- განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოსამზადებელი სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზრუნველყო.
„ადმინისტრაციამ LCD Berlin Awards-ს კონკურსისთვის საჭირო შესაბამისი მასალა მიაწოდა. თბილისის კონკურენტები მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ტურისტული ქალაქი იყო. დაჯილდოების მე-6 ცერემონიაზე 28 ქვეყნის 50 კულტურული მიმართულება იყო წარმოდგენილი. კონკურსის მიზანია, ტურისტებს უახლესი სამოგზაურო ადგილების აღმოჩენაში დაეხმაროს, რომელიც კულტურულ და სათავგადასავლო მიმართულებას მოიცავს“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის ინფორმაციით, Berlin Awards-ის 2020 წლის გამარჯვებულები საერთაშორისო ჟიურიმ შეარჩია, რომელშიც The New York Times-ის ევროპის კულტურის მიმართულების რედაქტორი და კულტურის სფეროს ცნობილი წარმომადგენლები შედიოდნენ.
სპეციალური ჯილდო გერმანიაში საქართველოს საელჩოს გადაეცა.
„აღსანიშნავია ისიც, რომ სულ რაღაც ერთი თვის წინ, საქართველოს დედაქალაქმა „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ის საერთაშორისო კონკურსში მესამე ადგილი დაიკავა. კოლმარისა და ათენის შემდეგ, ევროპის საუკეთესო მიმართულება 2020 წელს თბილისია. მსგავსი საერთაშორისო დონის კონკურსები მნიშვნელოვანი პლატფორმაა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი დედაქალაქის შესაძლებლობები. მსგავსი კონკურსები ასევე, იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო, თბილისი მთელ მსოფლიოში იქნება ცნობილი. როდესაც ტურისტები ნახავენ, რომ თბილისი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულება და საუკეთესო კულტურული ქალაქია, რა თქმა უნდა, მასზე უფრო მეტ აქცენტს გააკეთებენ და ჩვენთან მეტი ადამიანი ჩამოვა, მეტი თანხები დაიხარჯება. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასაც და მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება“,- აცხადებს კალაძე.