ბერლინალეზე,Talent Project Market-ის 10 რჩეულ პროექტში რატი წითელაძისა და ნინო ვარსიმაშვილის "ცარიელი სახლი" მოხვდა
17-21 თებერვალს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი კოპროდუქციის ბაზრობას უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც Talent Project Market-ი 10 რჩეულ პროექტს წარადგენს.
ეროვნული კინოცენტრის ცნობით, რჩეულ პროექტებს შორის მოხვდა რატი წითელაძისა და ნინო ვარსიმაშვილის ქართული პროექტი “ცარიელი სახლი”.
სიუჟეტი თბილისში, 90-იანი წლების სამოქალაქო ომის დროს ვითარდება. 12 წლის ნინო სრულყოფილ ოჯახზე ოცნებობს. ეს ოცნება მაშინ უხდება, როცა მამამისი, შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფლდება. თუმცა, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც მას წარმოედგინა, რაც მის ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის.
ბერლინალეს კოპროდუქციის ბაზრობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც ყოველწლიურად ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ტარდება და რომელსაც მთელი მსოფლიოდან კინოინდუსტრიის 550-მდე წარმომადგენელი ესწრება.
მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ თავიანთი პროექტები პროდიუსერებსა და გაყიდვების აგენტებს წარუდგინონ და პოტენციური პარტნიორები მოიძიონ.
“ცარიელი სახლი” ტრანსილვანიის საერთაშორისო კინოფესტივალზე “ევრიმაჟის” პროექტის განვითარების მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა. ასევე, ლოკარნოს კინოფესტივალის ინდუსტრიულ სექციაში Open Doors სპეციალური აღნიშვნის პრიზით დააჯილდოვეს. ხოლო რეჟისორი რატი წითელაძე კი, ამავე პროექტით კანის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში Cinéfondation’s The Residence 2017 ექვს საუკეთესო რეჟისორს შორის შეარჩიეს. პროექტის სცენარი ასევე მოხვდა Sundance Screenwriters Lab-ის შორტლისტში.
ამჟამად “ცარიელი სახლი” ScripTeast-ის სცენარის განვითარების პროგრამაში მონაწილეობს.