ბერიკა შუკაკიძე - ჩვენამდე მოვა ყველა პრობლემა, რომელიც აქვს მასწავლებელს, დირექტორს, მშობელს, მოსწავლეს, სკოლების ავტორიზაცია მხარს დაუჭერს მათ საჭიროებებს, ჩვენ უზრუნველვყოფთ დახმარებას
ბერიკა შუკაკიძე - ჩვენამდე მოვა ყველა პრობლემა, რომელიც აქვს მასწავლებელს, დირექტორს, მშობელს, მოსწავლეს, სკოლების ავტორიზაცია მხარს დაუჭერს მათ საჭიროებებს, ჩვენ უზრუნველვყოფთ დახმარებას

ჩვენ ვართ ერთი მთლიანი გუნდი, არ ვართ სკოლა ცალკე, მშობელი ცალკე, ჩვენ ვართ სასკოლო საზოგადოების წევრებიც და არსებულ გამოწვევებს ერთად უნდა შევეჭიდოთ, – ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

„გაზრდილი ავტონომია ლოგიკურად ნიშნავს გაზრდილ პასუხისმგებლობას. საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ, ბურთი ახლა სკოლის მოედანზეა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ სკოლებს გამოწვევების წინაშე მარტო ვტოვებთ. კონკრეტულად გეტყვით, რას ვაპირებთ. ჩვენი ყველა მცდელობა მიმართული იქნება იმისკენ, რომ სასკოლო საზოგადოება როდესაც გაიხსნება, ერთმანეთის ნდობა ექნებათ და ერთმანეთთან ისაუბრებენ, რა საჭიროებები აქვთ, ავტორიზაცია დაუჭერს მხარს მათ საჭიროებებს; შემდგომ წლებში უკვე ეროვნული შეფასებები დაადგენს კონკრეტული სკოლის საჭიროებებს; ამ საჭიროებების ანალიზი, რომელშიც დაგვეხმარებიან ავტორიზაციის და მასწავლებელთა სახლის ექსპერტები, მოიტანენ ჩვენამდე ამ საჭიროებებს და ერთი ფანჯრის პრინციპი იმოქმედებს, რომ არ დაიბნენ სასკოლო საზოგადოების წევრები. ერთი ფანჯრის პრინციპი ნიშნავს იმას, რომ ჩვენამდე მოვა ყველა პრობლემა, რომელიც აქვს მასწავლებელს, დირექტორს, მშობელს და მოსწავლეს. ჩვენ გვაქვს ამის ძალიან კარგი გამოცდილება. დარეგისტრირდება კონკრეტული სკოლის, კონკრეტული მასწავლებლის საჭიროებები და ჩვენ უზრუნველვყოფთ დახმარებას“, – განაცხადა შუკაკიძემ.

ბერიკა შუკაკიძემ ასევე აღნიშნა, რომ სამინისტრომ განავითარა განათლების ელექტრონული სახლი, ერთი პლატფორმა, სადაც მასწავლებლისთვის, დირექტორისთვის, მშობლისთვის და მოსწავლისთვის ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა სერვისი და რესურსი ხელმისაწვდომია.

„კონკრეტულმა სკოლამ თუ მოიტანა საჭიროება, რომელსაც ჩვენ ვერ უზრუნველვყოფთ, გაძლევთ პირობას, რომ უმოკლეს ვადაში მოვახდენთ ტრენინგ სერვისის, თუნდაც საგანმანათლებლო რესურსის მომზადებას. ჩვენ თუ ვერა, დონორებს დაველაპარაკებით და ისინიც თუ ვერა, დღეს განათლების სფეროში ძალიან ბევრი მოთამაშეა, რომელსაც დაველაპარაკებით, რომ სკოლას ეს საჭიროება დავუკმაყოფილოთ. ავტორიზაციით იქნება დადგენილი გამოწვევა თუ ეროვნული შეფასებით, რომელიც მომავალ წლებში აუცილებლად იქნება, სისტემა არის მზად“, – განაცხადა შუკაკიძემ.

მისივე თქმით, საჭირო არ არის, სკოლის დახმარება მაინცდამაინც მასწავლებლის სახლმა ან რომელიმე სტრუქტურულმა ერთეულმა უზრუნველყოს.

„შესაძლოა, ჩვენს გვერდით ოთახში მასწავლებელი გაცილებით კარგ გაკვეთილს ატარებდეს და უფრო კარგ სტრატეგიებს, მეთოდებს იყენებდეს, ვიდრე ამას რომელიმე ტრენერი გეტყოდათ. ამიტომ სკოლის ბაზაზე პროფესიულ განვითარებას ნუ ავუვლით გვერდს. პირიქით, ეს უნდა წავახალისოთ, რომ სისტემა რაც შეიძლება, მეტად დეცენტრალიზებული იყოს. ჩვენ ვენდობით იმ პრაქტიკას, რომელიც კონკრეტულ სკოლას აქვს რუსთავში, რომ ის სხვა კოლეგას გაუზიაროს. ჩვენ თუ გვინდა, კულტურა შევცვალოთ, ერთმანეთს უნდა ვენდოთ, ცენტრალურ დონეზეც და სკოლის დონეზეც“, – განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.