ბერეზოვსკის ყოფილი მოკავშირე ნიკოლაი გლუშკოვი ლონდონში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
დიდ ბრიტანეთში ბორის ბერეზოვსკის ყოფილი მოკავშირე ნიკოლაი გლუშკოვი გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაცია Facebook-ის გვერდზე ბიზნესმენმა დემიან კუდრავიცევმა გაავრცელა, რომელიც მანამდე ბერეზოვსკისთან მუშაობდა.
„აეროფლოტის“ დირექტორის ყოფილი მოადგილის, გლუშკოვის გარდაცვალების შესახებ მისმა ადვოკატმა დაღუპულის ნათესავებისგან შეიტყო, რომლებმაც გლუშკოვის ცხედარი ლონდონის სახლში 12 მარტს აღმოაჩინეს. გლუშკოვის სიკვდილის მიზეზი ამ დრომდე უცნობია, ის 68 წლის იყო.
1989 წლიდან ნიკოლაი გლუშკოვი „ლოგოვაზის“ მმართველ სტრუქტურებში მუშაობდა, რომლებიც ბორის ბერეზოვსკიმ შექმნა. 1996 წელს კი ის „აეროფლოტის“ დირექტორის მოადგილე გახდა, ორჯერ იყო გასამართლებული „აეროფლოტიდან“ თანხების მითვისების ბრალდებით, ის დანაშაულს არ აღიარებდა.
2005 წელს გლუშკოვმა რუსეთი დატოვა და დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა. 2017 წლის მარტში რუსეთის სასამართლომ ის დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ „აეროფლოტიდან“ 123 მილიონი დოლარის მითვისებაში და რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.